ვაგრძელებთ კოორდინაციას ევროპული დღის წესრიგის გარშემო – მიგვაჩნია, რომ ევროპული დღის წესრიგის განხორციელებას, „რუსული კანონის“ შეჩერებას და ქვეყანაში რუსული მმართველობის დასრულებას მივაღწევთ არჩევნებზე, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ლელო“, პარტნიორებთან ერთად, არჩევნებამდე და არჩევნებზე, იბრძოლებს იმისთვის, რომ საქართველოს პროევროპული ხელისუფლება ჰყავდეს.
„კიდევ ერთხელ და ძალიან აშკარად გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის დავალებით ასრულებს მთავარ დაკვეთას, რომ არ მოხდეს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნა. ამ „რუსული კანონის“ ამოცანა არის ის, რომ შეაფერხოს ევროკავშირთან ყველანაირი პროგრესი. ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინაციას ევროპული დღის წესრიგის გარშემო. პრეზიდენტმა ეს პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო და „ლელო“ აქტიურად ჩაერთო. „ლელოს“ პოზიცია მარტივია – ევროპული დღის წესრიგის გარშემო საზოგადოების სრული კონსოლიდაცია უნდა მოხდეს. ოღონდ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროპული დღის წესრიგის განხორციელებას, „რუსული კანონის“ შეჩერებას, რუსული მმართველობის დასრულებას ქვეყანაში, მივაღწევთ არჩევნებზე. მინდა საზოგადოებას შევპირდე, რომ „ლელო“, პარტნიორებთან ერთად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა, არჩევნებამდე და არჩევნებზე, იბრძოლებს იმისთვის, რომ პროევროპული ხელისუფლება გვყავდეს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.