საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ქალაქ რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრთან ერთად მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში, გიორგი დოხტურიშვილმა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტის წევრებმა დაათვალიერეს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლების მშენებლობის, სრული რეაბილიტაციის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.
მისი თქმით, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან სწორედ ეს წარმოადგენს ხარისხიან ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მნიშვნელოვან წინაპირობას.
„რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის შენობის სრულ რეაბილიტაციას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 5 მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს, სამშენებლო ნორმების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით მიმდინარეობს.
ახლად რეაბილიტირებულ სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, სასადილო, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის – განთავსდება ლიფტი, სანიტარული კვანძები და პანდუსი. სკოლა სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით.
ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდგომ, 2024 წლის ბოლომდე, რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლას თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ სკოლაში გააგრძელებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.