პირველი სამსახური, სადაც ანაზღაურება მქონდა იყო სტაჟირება თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც ვსწავლობდი. ბიზნესზე ვსწავლობდი. პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც შიდა ვაკანსიები გამოცხადდა. ადმინისტრაციამ შეგვარჩია 50 სტუდენტი მთელ უნივერსიტეტში და შემდეგ, 50-ვეს პირადად შეგვხვდა კახა ბენდუქიძე. მკაცრი რეპუტაცია ჰქონდა და მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი. არადა, პირიქით, მეგობრული გასაუბრება იყო, ცდილობდა გაეგო, რა მაინტერესებდა. არ ვიცი, როგორ გადაწყვიტა, მაგრამ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ამიყვანა. მაშინ ახალი ნაყიდი ჰქონდა აგრარული უნივერსიტეტი და მის მფლობელობაში არსებული მიწები. ძალიან მოძველებული სისტემა იყო, მოუწესრიგებელი და ვისაც როგორ უნდოდა, ისე მუშაობდა, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ბენდუქიძეს კი უნდოდა ამ მიწებს მინიმალური მოგება მაინც მოეტანა. ყოველ სტაჟიორს თითო მეურნეობა გვქონდა ჩაბარებული და თეორიული ცოდნით შევუდექით საქმეს. ერთგვარი ექსპერიმენტივით იყო.
ძალიან დიდი მენტალური უფსკრული იყო ჩემსა და იქ მომუშავე ადამიანებს შორის. სამსახური მანამდე წარმომედგინა დავარცხნილ ადგილად, სადაც შენი ადგილი გაქვს, მკაფიოდ განსაზღვრული საქმე და მისი შემფასებლები. აქ კი ყველაფერი პირიქით იყო – პოსტსაბჭოთა სისტემურ ნანგრევებში მომიწია მუშაობა. იმის ახსნაც კი მიჭირდა, თუ რას ნიშნავდა მოგებაზე გასვლა, რადგან ამაზე არავინ ზრუნავდა – ყველა საკუთარ შემოსავალზე იყო ორიენტირებული.
ამ გარემოში სამი თვე გავატარე და შემდეგ, თავი დავანებე. სიახლეების დრო მოგვიანებით მოვიდა, როცა საგნებს შორის მარკეტინგი გამოჩნდა და რეზო ჩარკვიანმა დაიწყო სწავლება. ერთხელაც, მან დაპატიჟა რეზი ნიჟარაძე, რომელიც WINDFOR’S-ის გუნდის წევრი იყო და სააგენტოსთვის სტაჟიორების აყვანა სურდა. მთელ უნივერსიტეტს მოგვცეს დავალება, რომლიც ფარგლებშიც ბრიფი უნდა შეგვედგინა. მახსოვს, მე და თაკო სულაქველიძე აგვიყვანეს.
პირველი შემოსავალიც მარკეტინგს უკავშირდება. 15-16 წლის რომ ვიყავი, იმ დროისათვის გასართობი ადგილები არ იყო. მეგობრებმა ვიქირავეთ ადგილი, სადაც ყოველთვიურად ვატარებდით წვეულებას. მე ვქმნიდი ბილეთების დიზაინს, ვბეჭდავდი სტაბმაში, სადაც მსგავსი რაღაცების შეკვეთა პატარა ტირაჟით იყო შესაძლებელი. შემდეგ კი, სტუდენტობისას, როდესაც რეზო ჩარკვიანი გახდა ჩვენი ლექტორი და გვირჩია სააგენტოში გვეცადა ბედი, ამ ინტერესმა გაიღვიძა და ძალიან მომინდა WINDFOR’S-ში მუშაობა. თან გაგებული მქონდა, რომ ძალიან მოწესრიგებული სააგენტოა. მაშინ სააგენტოს უცხოელი დირექტორი და კრეატიული დირექტორი ჰყავდა – ვისენტე და ემა. კარიერის დასაწყისშივე ძალიან საინტერესო გარემოში აღმოვჩნდი. ახლა ვინც იწყებს კარიერას, მათთვის ძალიან ბევრი მაგარი შესაძლებლობაა დისტანციურად მუშაობა, შესაბამისად, პირდაპირ უცხოურ კომპანიებთან შეუძლიათ თანამშრომლობის დაწყება.