დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა კოლეგა კაცების, ბექა ოდიშარიასა და ვახო მეგრელიშვილის ნარკოლოგიური შემოწმება მოითხოვა. მიზეზად, ამ უკანასკნელების მიერ ქალების მისამართით გაჟღერებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, სექსისტური და მიზოგინური განცხადებები დაასახელა.
„ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ გუშინ, 3 აპრილს, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, მაშინ, როცა ტრიბუნასთან ანა ნაცვლიშვილი საუბრობდა, დარბაზიდან ყვირილი და მისი შეურაცხყოფა დაიწყო. მას გამოეპასუხა თეონა აქუბარდია, რა დროსაც ოდიშარიამ თქვა – „ესაა მოუტ***ნელი ქალების სინდრომი“. მოგვიანებით, მან ბოდიში მოიხადა და ირწმუნებოდა, რომ შეურაცხყოფა კონკრეტულად არავისთვის მიუყენებია.
რაც შეეხება „გირჩის“ ლიდერ ვახო მეგრელიშვილს, კვოტირების გაუქმების კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, მან სხვადასხვა ეთერში არაერთი შეურაცხმყოფელი და სექსისტური ფრაზა გააჟღერა. მან თქვა, რომ ბევრი ქალის გარემოცვაში ყოფნა მისთვის სასიამოვნო იქნებოდა, თუმცა ამისთვის კვოტირება არ არის საჭირო. გარდა ამისა, ამავე კონტექსტში ახსენა ჰარემი:
„ჩემი სიამოვნებისთვის ძალით რომ შემეძლოს ქალების მოყვანა, ხომ სხვა სახელს დამარქმევდით, არა? ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?“
„მიგაჩნიათ თუ არა, რომ გუშინ, ამ დარბაზში გაკეთებული წარმოუდგენელი შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ თქვენი კოლეგისგან, მეგრელიშვილისგან და ბექა ოდიშარიასგან, იმსახურებს თუ არა, რომ ამ ორმა ადამიანმა დღესვე გაიაროს შემოწმება ნარკოლოგიური, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, ქართველ ქალებს აქ, პარლამენტში ფხიზელ მდგომარეობაში ებრძვიან თუ არა. მე, მაგალითად, მიმაჩნია აუცილებლად ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს ოდიშარიამაც და თქვენმა კოლეგა მეგრელიშვილმაც დღესვე. მივმართავ ამ მოთხოვნით ბატონ პაპუაშვილს,“ — ასე მიმართა სალომე სამადაშვილმა სანდრო რაქვიაშვილს, მეგრელიშვილის თანაპარტიელს, რომელმაც კვოტირების გაუქმების კანონპროექტი წარადგინა.
რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ამ მოთხოვნას „აზრი არ აქვს“ და სამადაშვილს ურჩია, პირადად ეკითხა მეგრელიშვილისთვის, მოიხმარს თუ არა ნარკოტიკს.
„რა აზრი აქვს ამ მოთხოვნას, მაგრამ თუ გინდათ მოითხოვეთ. მე მგონი, ვახო საკმარისად გულწრფელი ადამიანია, რომ თვითონ მოგიყვეთ, მოიხმარს თუ არა ნარკოტიკს. ჰკითხეთ პირდაპირ,“ — თქვა სანდრო რაქვიაშვილმა.
გარდა ამისა მან უპასუხა ხატია დეკანოიძის კითხვას, ეთანხმება თუ არა კოლეგა კაცების გამონათქვამს. მან დეკანოიძის გამოსვლას ისტერიკა უწოდა, დეპუტატს აზროვნება დაუწუნა და განაცხადა, რომ პრობლემა არა ვახო მეგრელიშვილის განცხადება, არამედ ქალი დეპუტატების მიერ ამ განცხადების აღქმაა.
„მე მგონი აქ მთავარი პრობლემა რა არის იცით? ლოგიკური აზროვნების [პრობლემაა], აღქმაშია [პრობლემა] და ტექსტის გააზრება. როცა ადამიანი ამბობს, რომ ჩემ ჭკუაზე ხომ არ იქნება პარლამენტი აწყობილიო, თორემ მე რომ რაღაცები მინდოდესო, მაგალითად, ბევრი ქალი რომ იყოსო … ადამიანს, რომ მოსწონდეს, რომ უმრავლესობა მის ირგვლივ ქალია, რა პრობლემაა ამაში? […] სიტყვა ჰარემი აკრძალულია? არ შეიძლება მაგალითისთვის და ილუსტრაციისთვის მოიყვანო? ხომ უნდა იაზროვნო, სანამ რაღაცას ამბობ. პრობლემა მე მგონი ამაშია, რომ როგორც კი უარს ვამბობთ ლოგიკაზე, მერე არაფერი არ გამოდის. ისტერიკა არ შველის საქმეს,“ — განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
სამადაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის დარწმუნებულია, აღნიშნული დეპუტატები რომ ნარკოტიკს მოიხმარენ.
„უბრალოდ, მაინტერესებს, რა სახის ნარკოტიკს მოიხმარენ,“ — აღნიშნა სამადაშვილმა.