რამდენიმე წლის წინ, “თიბისი ჯგუფი” საქართველოს საზღვრებს გაცდა და საბანკო ოპერაციების წარმოება უზბეკეთში დაიწყო. ცენტრალურ აზიაში “თიბისი ჯგუფი” TBC UZ-ის ბრენდით ოპერირებს, როგორც სრულად ციფრული ბანკი. “თიბისი ჯგუფის” უზბეკურ ბიზნესს ნიკა ქურდიანი ხელმძღვანელობს, “თიბისი ჯგუფის” საერთაშორისო ბიზნესის ხელმძღვანელად კი, გასული წლის შემოდგომაზე, ბრიტანელი ანტრეპრენიორი და Tinkoff Bank-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ოლივერ ჰიუზი დაინიშნა. როგორც ოლივერ ჰიუზი Weekly-სთან ამბობს, “თიბისი უზბეკეთის” მიზანია, უზბეკეთის ერთ-ერთ წამყვან საბანკო-საფინანსო ინსტიტუტად იქცეს, რომელიც საცალო სეგმენტზე იქნება ორიენტირებული და თან, აქციონერებისთვის მოგებას დააგენერირებს.
ბრიტანელი ანტრეპრენიორის შეფასებით, ის გზა, რომელიც “თიბისი უზბეკეთმა” ნიკა ქურდიანის ხელმძღვანელობის პირობებში აირჩია, ანუ საცალო დაკრედიტება და არა – კორპორაციული სეგმენტი, გამართლებული ბიზნესმოდელია. მომავალში კი, კომპანია მომხმარებლებისთვის დამატებითი საბანკო და არასაბანკო სერვისების შეთავაზებას გეგმავს, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და დაზღვევის მიმართულებით.
“ის ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც, თავის დროზე, ნიკა ქურდიანმა შეკრიბა, მიხვდნენ, რომ ყველაფერი დაკრედიტებით უნდა დაწყებულიყო, რადგან ეს ერთგვარი ლოკომოტივია, რომლითაც ქვეყანაში უნდა შეხვიდე. დეპოზიტები, ბარათები და დაკრედიტება – დღეს, ძირითადად, ეს მიმართულებები გვაქვს. ამავდროულად, ვავითარებთ განვადების მიმართულებასაც. გამოდის, რომ განვითარების ადრეული ეტაპი – დაკრედიტების გზით ბაზარზე შესვლაა. ამიერიდან კი, ჩვენი ტრანზაქციული პროდუქტების განვითარებას ვაპირებთ. უზბეკეთის შემთხვევაში, ეს სადებეტო საბანკო ბარათსა და ანგარიშს, მობილურ აპლიკაციას, QR-კოდებს, გადახდებსა და მსგავს პროდუქტებს გულისხმობს, რომლებიც ერთ პროდუქტში იქნება ხელმისაწვდომი.
პარალელურად, ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ვავითარებთ. ახლა ურთიერთქმედების ორ ძირითად წერტილს ვხედავ. პირველი ისაა, როცა შენი დამსაქმებელი ბანკს ირჩევს, სადაც ხელფასს გირიცხავს, ხოლო შენ, რეალურად, ბანკომატის ბარათს იღებ, რომლითაც თვეში ორჯერ ფული გამოგაქვს – ამ შემთხვევაში, საბანკო ჩართულობა დაბალია. ეს მაგალითი, ცხადია, უტრირებულია, მაგრამ ზოგადად, მდგომარეობა ასეთია. მეორე მიმართულებას კი – საგადამხდელო აგრეგატორი კომპანიები წარმოადგენენ, რომლებიც თანხის გადარიცხვის და კომუნალურების გადახდების შესაძლებლობას გაძლევენ. აი, ეს ორი ძირითადი მოდელი გვაქვს და აუცილებელია, მათ შორის კიდევ ერთი მიმართულება შეიქმნას, რომელიც ამ მიდგომებს გააერთიანებს და მომხმარებელს ძალიან კარგ სერვისსა და პროდუქტს შესთავაზებს, თანაც მობილური აპლიკაციით. აუცილებელია სხვა დამატებითი სერვისებიც არსებობდეს.
საჭიროა სისტემა, რომელიც ძირითადი პროდუქტის გარშემო კონცენტრირდება, რომელიც დღეს, უზბეკეთში, მიმდინარე ანგარიშია, რომელიც ის ანგარიშია, რომელსაც ყოველდღიურად საჭირო ფულის შესანახად ვიყენებთ. ამიტომაცაა, ამ მიმართულებით რომ ვვითარდებით, მაგრამ ამავდროულად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საჭირო პროდუქტებსაც ვქმნით. რაღაც მომენტში, სადაზღვევო კომპანიას შევქმნით და მომდევნო ორ-სამ წელიწადში, სრული საბანკო და მომიჯნავე პროდუქტების სრული ეკოსისტემა გვექნება”, – განაცხადა “თიბისი ჯგუფის” საერთაშორისო ბიზნესის ხელმძღვანელმა, ოლივერ ჰიუზმა.