„ავერსი“ 10-სართულიან საავადმყოფოს მშენებლობას გეგმავს – როგორი იქნება მულტიფუნქციური კლინიკა, რომელიც სავარაუდოდ, 2027 წელს დასრულდება

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, „ავერსის“ ცენტრალური კლინიკის ტერიტორიაზე, კომპანია შპს „ავერსი ფარმა“ საავადმყოფოს მშენებლობას გეგმავს. პროექტი მერიის არქიტექტურის სამსახურში უკვე შეთანხმებულია და მშენებლობის ნებართვაც გაცემულია.
განმარტებით ბარათში, რომელიც თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ საავადმყოფოს შენობა, პროექტის მიხედვით, მოიცავს 10 მიწისზედა და 4 მიწისქვედა სართულს. პროექტის თანახმად, განაშენიანების ფართობი 3600 კვადრატულ მეტრამდეა. კალენდარული გეგმის მიხედვით, კლინიკა 42 თვეში, სავარაუდოდ, 2027 წელს დასრულდება.
„პროექტის მიზანია სამედიცინო და ჯანმრთელობის ობიექტის (საავადმყოფოს) დაგეგმარება მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, თანამედროვე გეგმარების პრინციპების და შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების ნორმების გამოყენებით.
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ თბილისში, საბურთალო, ვაჟა-ფშაველას გამზირი 29-ში. საერთო ფართი შეადგენს 6000 მ². საპროექტო ტერიტორიას ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან ესაზღვრება საკადასტრო ერთეულები, აღმოსავლეთით კი სამანქანო გზა.
საავადმყოფო მოიცავს ათ მიწისზედა და ოთხ მიწისქვედა სართულს.
-4 სართულზე დაგეგმარებულია რადიაციული თერაპიის დეპარტამენტი და საწყობები.
-3 სართულზე დაგეგმარებულია საწყობები.
-2 სართულზე დაგეგმარებულია ინჟინრების განყოფილება და სასაწყობე ფართები, სამეურნეო საწყობი, ქიმიისა და სანიტარის ცენტრალური საწყობები.
-1 სართულზე ერთმანეთისგან გამოყოფილად დაგეგმარებულია ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი, მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების საწყობი, სუფთა და ჭუჭყიანი თეთრეულის საწყობი, ცენტრალური სამრეცხაო, სხვადასხვა კატეგორიის ჭუჭყიანი სათავსები, გვამის დაყოვნების ოთახი, ცენტრალური სამზარეულო ყველა საჭირო სათავსით და სხვადასხვა დამხმარე სივრცეები.
ბირთვული მედიცინა მოიცავს PET-CT-ს, გამა-კამერას, რადიოაქტიური იოდის თერაპიის 3 პალატას. პროექტის თანახმად. 0 სართულზე დაგეგმილია საავადმყოფოს მიმღებისა და სამომსახურეო სივრცის, რესტორნის, აფთიაქის, ტექნიკური ოთახების, ოფისებისა და გასახდელების განთავსება.
პირველ სართულზე განთავსდება გადაუდებელი დახმარების ცენტრი და მცირე საოპერაციო ოთახი, მე-2 სართულზე – ლაბორატორია და ფლებოტომიის ოთახები, ოფთალმოლოგიური დეპარტამენტი, ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის დეპარტამენტები, მე-3 სართულიდან მე-7 სართულის ჩათვლით – პალატები (სართულზე 46 საწოლი), ადმინისტრაცია, ექიმების ოთახები და დამხმარე სივრცეები. 8 სართულზე დაგეგმარებულია ინტენსიური და სასტერილიზაციო განყოფილება, ანგიოგრაფი და ინტერვენციული ანგიოგრაფი. 9 სართულზე დაგეგმარებულია საოპერაციო, პრე-ოპერაციული და პოსტ-ოპერაციული განყოფილებები. 10 სართულზე დაგეგმარებულია საკონფერენციო დარბაზები, თანამშრომლების რესტორანი, ღია სივრცე და სხვა დამხმარე სივრცეები. 11 (ტექნიკური სართული) მოწყობილია საინჟინრო დანადგარები.
შენობის ფასადის მთავარი არქიტექტურული გადაწყვეტა მდგომარეობს მის მონაცრისფრო კერამიკული ფილებით მოპირკეთებულ კედლებსა და ფანჯრებს შორის არსებულ განმეორებით ხასიათში“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
შპს „ავერსი ფარმას“ მფლობელები პაატა კურტანიძე (67%) და ნიკოლოზ კურტანიძე (33%) არიან.

ასევე დაგაინტერესებთ