რუსთავის მერია, დასაქმების პროექტ – „ახალ სიმწვანეს“ ახორციელებს. რუსთავის მერიის ცნობით, პროექტში „ახალი სიმწვანე“ 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, ონლაინრეგისტრაციით ერთიანდებიან და ქალაქის გამწვანების სამსახურში, ერთი თვის განმავლობაში, შესაბამისი ანაზღაურებით იწყებენ მუშაობას.
„რუსთავის მერია, პრემიერის ინიციატივას, ახალგაზრდების დასაქმების ეკოპროექტით ეხმაურება.
პროექტში „ახალი სიმწვანე“ 18-დან 29 წლამდე ასაკის რუსთაველი ახალგაზრდები, ონლაინრეგისტრაციით ერთიანდებიან და ქალაქის გამწვანების სამსახურში, ერთი თვის განმავლობაში, შესაბამისი ანაზღაურებით იწყებენ მუშაობას.
პროექტის პირველი საპილოტე ეტაპი უკვე განხორციელდა, დასაქმებისა და ეკოლოგიური პროექტის მონაწილეთა ახალი ნაკადის რეგისტრაცია კი 30 მარტს დასრულდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, „ახალ სიმწვანეში“ ჩართული ახალგაზრდების პირველი სამუშაო დღე, რუსთავის სანერგე მეურნეობაში იყო, სადაც ისინი ქალაქის მერს ნინო ლაცაბიძეს შეხვდნენ.
„რუსთავში, ახალგაზრდებისთვის ვაგრძელებთ ისეთი პლატფორმების შექმნას, სადაც მათ დასაქმება და ახალი პროფესიის დაუფლება შეეძლებათ პრემიერს აქვს ნამდვილად კარგი ინიციატივა, რომელიც ანაზღაურებად სტაჟირებას შეეხება და რუსთავის მერიის გუნდმა გადავწყვიტეთ, რომ ახალგაზრდებს ამის შესაძლებლობა მივცეთ. ქალაქში მწვანე არეალები იზრდება და ვითარდება, ამიტომ ახალი თანამშრომლების დამატება, რომლებიც ამ მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობით დაკავდებიან, მნიშვნელოვანია. დღეს ოცამდე ახალგაზრდამ პროექტ „ახალი სიმწვანის” ფარგლებში, სწორედ მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობის მიმართულებით „რუსთავსერვის ცენტრში” დაიწყო მუშაობა და მათ შესაბამისი შრომითი ანაზღაურება ექნებათ. პროგრამა გაგრძელდება მანამდე, სანამ ახალგაზრდების მხრიდან ამ კუთხით მოთხოვნა იქნება”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერიის ცნობით, ახალგაზრდული დასაქმების პროგრამის მონაწილეებმა, სანერგე მეურნეობაში „რუსთავ სერვისცენტრის” თანამშრომლებთან სპეციალური ვორქშოფი გაიარეს და ქალაქში გამწვანების სამუშაოებისთვის ნერგების გადარჩევაში მიიღეს მონაწილეობა.
„პროექტი – „ახალი სიმწვანე“, რუსთაველი ახალგაზრდების დასაქმების და ქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესებაში მათი ჩართვის მიზნით, ქალაქის მერიის ორი სამსახურის – „სახელოვნებო სპორტის და ახალგაზრდული ცენტრის“ და „რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებით ხორციელდება. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დასაქმებას და მათ ჩართვას ქალაქის მოვლა-პატრონობაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.