ალეკო ელისაშვილი – აგენტების კანონის უკან შემოტრიალება შეურაცხყოფაა, ეს კანონი არის რუსული და ძახილის ნიშანი! – რატომ არის და იმიტომ, ერთი ერთში გაქვთ ნათარგმნი!

იმ კანონის უკან შემოტრიალება ჩვენი ყველას და ამ ქვეყნის შეურაცხყოფაა, ეს კანონი არის რუსული და ძახილის ნიშანი! – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებას გამოეხმაურა.
„ბატონო შალვა, იმ კანონის უკან შემოტრიალება ჩვენი ყველას და ამ ქვეყნის შეურაცხყოფაა, მინდა გითხრათ. ის კანონი არის რუსული და ძახილის ნიშანი! წერილი არა, ძახილის ნიშანი! რატომ არის და იმიტომ. ერთი ერთში გაქვთ ნათარგმნი და იმიტომაა,“ – განაცხადა ელისაშვილმა.
ამ განცხადების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატს მიკროფონი გაუთიშა. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს ანტიქართული პროპაგანდაა და აღნიშნა, რომ ის ყველას გაუთიშავს მიკროფონს, ვინც აღნიშნულ კანონპროექტს რუსულს უწოდებს.
„ეს არის ანტიქართული პროპაგანდა. რომელსაც თქვენ ახლა ეწევით ქართულ პარლამენტში. ამის ძახილის უფლებას არ მოგცემთ. ყველასთან გავთიშავ მიკროფონს, ვინც რუსულ კანონს გამოიყენებს. ანტიქართულ პროპაგანდას დაანებეთ თავი. ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს, შარშან გაგივიდათ, წელს არ გამოგივათ.
ბატონო ალეკო, ეს პათეტიკა აღარ გაგივათ, მორჩა. ეს ტყუილი, რაც თქვენ აკადრეთ ქართველ ხალს შარშან, წერტილი დაესვა. ხვდებით თქვენ თვითონაც, რომ აღარ გაქვთ ამისი თქმის მორალური უფლება,“ – განაცხადა პაპუაშვილმა და მანდატურებს მოუწოდა, დარბაზიდან გაეყვანათ.
„გაიყვანეთ დარბაზიდან,“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ხმალაძე: პარლამენტს არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის, ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება – ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ მას არ შერჩეს