„40 საათიანი ლიმიტის დაწესება და მუშახელის ხარჯების ზრდა უშუალო კავშირშია პროდუქტის ღირებულების ზრდასთან“ – დავით კესარელი

შრომის კანონმდებლობით განსაზღვრულია 40 საათიანი სამუშაო კვირა, ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია, რომ დასაქმებულს ზეგანაკვეთური სამუშაო აუნაზღაუროს. არსებობს სპეციფიკური სამუშაო დარგები, რომლებსაც 48-საათიანი გრაფიკი აქვთ და რომელთათვის აუცილებელია მუშაობის უწყვეტი ციკლი. 2023 წლის თებერვალში სპეციფიკური სამუშაო დარგების ჩამონათვალი 15-ით შემცირდა, შესაბამისად ჩამონათვალიდან ამოღებულ დარგებს 40 საათიან სამუშაო კვირაზე გადასვლა მოუწიათ, ცვლილება შეეხო სამკერვალოებს, რესტორნებში დასაქმებულ პერსონალს, სასტუმროებს, სუპერმარკეტების კონსულტანტებს და ა.შ.
ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სპეციფიკური სამუშაო დარგების ჩამონათვალიდან ჰორეკა და რითეილ სექტორების ამოღებამ მუშახელის პრობლემა გაამძაფრა. ბიზნეს ასოციაციების მოთხოვნაა, რომ თუნდაც დროებით, მაგრამ ეს შეზღუდვა დაბრუნდეს ძველ რეჟიმზე და დაწესდეს 48 საათიანი სამუშაო კვირა.
რა პრობლემების წინაშე დადგა ბიზნესი რეგულაციის ამოქმედებიდან ორი წლის თავზე – თემაზე რადიო„ კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით კესარელმა ისაუბრა. მისი თქმით, გადაწყვეტილებამ ჰორეკა, რითეილ და სხვა მთელი რიგი სექტორები გამოწვევების წინაშე დააყენა და დიდი დარტყმა მიაყენა.
„აღსანიშნავია, რომ დადგენილება ითვალისწინებს შრომის ინსპექციის მრჩეველთა საბჭოში საგამონაკლისო შემთხვევების განხილვის შესაძლებლობას. ჩვენ შემთხვევაში, კონკრეტულად ტექსტილის სფეროში სახელმწიფოსთან მოლაპარაკების დონეზე გვქონდა გამონაკლისის დაშვების წარმატებული მცდელობა. საკანონმდებლო ცვლილებები საკმაოდ რთული და გრძელვადიანი სამართლებრივი პროცედურაა, თუმცა მეორეს მხრივ, თავად ეს დადგენილება საქართველოს მთავრობის მიერ არის გამოცემული და შედარებით მარტივად შეცვლას ექვემდებარება. დღეის მდგომარეობით, არსებობს ინსტრუმენტი შრომის ინსპექციის მრჩეველთა საბჭოს სახით, სადაც უკეთესად მუშაობის შემთხვევაში, თუ მეტად მოხდება კონცენტრაცია ბიზნესის საჭიროებებზე, შესაძლებელი იქნება რომ გამოიყოს კონკრეტული სექტორები, სადაც 48 საათიანი სამუშაო კვირა იქნება დაშვებული,“ – აღნიშნა დავით კესარელმა.
კესარელის განცხადებით, 40 საათიანი ლიმიტის დაწესება და მუშახელის ხარჯების ზრდა უშუალო კავშირშია პროდუქტის ღირებულების ზრდასთან, რაც თითოეულ მოქალაქეზე პირდაპირ აისახება, რაც მისი თქმით, საბოლოო ჯამში ბაზარს აძვირებს და ამცირებს ხელმისაწვდომობას.
„ამ შემთხვევაში ვდგებით მუშახელის დეფიციტის წინაშე და საჭირო ხდება ცვლებში მუშაობის დაწესება, რაც მთელ რიგ სექტორებში გარკვეულ პრობლემებს იწვევს. პრობლემაა ისიც, რომ არსებული რეგულაცია დასაქმებულს პარალელურად სხვა კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობას არ უზღუდავს.
თუ 40 საათიან სამუშაო კვირას ვაწესებთ იმისთვის, რომ დაცული იყოს დასაქმებულის უფლებები და მან არ იმუშაოს გონივრულ ოდენობაზე მეტი, ამავდროულად კი კანონი არ უკრძალავს მას სხვაგანაც დასაქმებას, ეს არა მარტო დასაქმებულის ინტერესებზე აისახება უარყოფითად, არამედ გავლენას მოახდენს ორივე სამსახურზეც.
ამ შემთხვევაში საჭიროა დიალოგი ყველა მხარეს – დასაქმებულს, დამსაქმებელს და სახელმწიფოს შორის. მრჩეველთა საბჭო არის ის ინსტრუმენტი, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში დღესვე შესაძლებელია,რომ აღნიშნული პრობლემა წერტილოვნად გადაიჭრას.“ – აღნიშნა დავით კესარელმა.
რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებას, დავით კესარელი აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში, შრომითი ურთიერთობები აგებულია თანამშრომლობასა და დიალოგზე და იქ გაცილებით ნაკლები ჩარევა ხდება სახელმწიფოს მხრიდან.

ასევე დაგაინტერესებთ