ვუგულშემატკივროთ ლინა წიკლაურს – vote Lina Tsiklauri

იტალიის ქალაქ უდინეს საერთაშორისო კონკურსში ქართველი სოპრანო, ნოდარ ანდღულაძის სახელობის საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი, ასევე, არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი, მდიდარი ვოკალური მონაცემებით, დახვეწილი საშემსრულებლო ტექნიკით, სცენური მომხიბვლელობითა და ინტელექტით ცნობილი ლინა წიკლაური მონაწილეობს. კონკურსი, ამ ეტაპზე, ონლაინ მიმდინარეობს. ლინა უკვე ნახევარფინალშია და იმისთვის, რომ ფინალში მოხვდეს და გამარჯვებულის ტიტული მოიპოვოს ჟიურის შეფასებასთან ერთად საჭირო ხმების რაოდენობა უნდა მოაგროვოს. ამისათვის კი უნდა გადავიდეთ ბმულზე და კომენტარებში დავწეროთ vote Lina Tsiklauri
მარიამ ლინა წიკლაურმა დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი /ნიჭიერთა ათწლედი/, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა სოლო სიმღერის სპეციალობით. კონსერვატორიის საოპერო სტუდიის დადგმებში შესრულებული აქვს წამყვანი პარტიები: ქეთო – ვ. დოლიძის „ქეთო და კოტეში“, სუზანა – მოცარტის ოპერაში „ფიგაროს ქორწინება“, პაპაგენა – მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“, ჯილდა – ვერდის ”რიგოლეტო“, ლაურეტა და მუზეტა პუჩინის ოპერებიდან „ჯანი სკიკი“ და „ბოჰემა“. 2023 წელს ჰქონდა მეტად წარმატებული დებიუტი ევროპაში – მიიწვიეს შვეიცარიაში, ტიჩინოს საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც შეასრულა ელიზეტას მთავარი პარტია დ. ჩიმაროზას ოპერაში „საიდუმლო ქორწინება“, 2024 წელს იტალიის ქალაქ მონცას ოპერის მიწვევით შეასრულა ნორინას პარტია დონიცეტის ოპერაში „დონ პასკუალე“, იგივე პარტია, ოღონდ განსხვავებული დადგმით შეასრულა ლუქსემბურგის საოპერო თეატრში. მონაწილეობდა არაერთ კონცერტში, მათ შორის, კონფლიქტისპირა რეგიონებში გასვლით კონცერტებში თბილისის ოპერის თეატრის დასთან ერთად.

ასევე დაგაინტერესებთ

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტების დაგვიანების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა. თბილისის 175- საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია მიმდინარეობს, ორმა აბიტურიენტმა დაიგვიანა. როგორც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, აბუტურიენტები – გოგონა და ბიჭი, საგამოცდო ცენტრთან, დაახლოებით, 5 და 7 წუთის დაგვიანებით გამოცხადდნენ. გოგონამ დაგვიანების მიზეზად დაასახელა ტაქსი, რომლის მძღოლმაც საგამოცდო ცენტრთან სულ სხვა მხრიდან მიიყვანა. ბიჭისთვის კი შემაფერხებელი საცობი აღმოჩნდა. გამოცდაზე დაგვიანებულ ახალგაზრდებს ადგილზე მყოფი მშობელები გამოესარჩლნენ და ცენტრის დაცვის თანამშრომლებს აპლიკანტების შენობაში შეშვება სთხოვეს, თუმცა საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელმა აბიტურიენტებსაც და მათაც განუმარტა, რომ ერთი წუთის დაგვიანების შემთხვევაშიც კი, აბიტურიენტი გამოცდაზე აღარ დაიშვება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციიაც, პირველ სესიაზზე დაგვიანების 2 შემთხვევა აქვთ. “ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება”, – აცხადებენ NAEC-ში. 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 2 ივლისს დაიწყო და მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება.