პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი უმრავლესობის ქალი დეპუტატების სახელით გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება. წერილში ნათქვამია, რომ კვოტირება ქალთა გაძლიერების “დროებითი, მაგრამ არა ერთადერთი ზომა იყო და მან “გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის მთავარ ამოცანას”.
“უმრავლესობის ქალი დეპუტატების სახელით გვსურს კვოტირების თემაზე მიმდინარე პროცესს გამოვეხმაუროთ.
ქალების გაძლიერების ათწლეული ჩვენ პოლიტიკურ გუნდს უკავშირდება. სავალდებულო გენდერული კვოტირება და სხვა ბევრი ინიციატივაც სწორედ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ჩვენი, საპარლამენტო უმრავლესობის ინიცირებული და მხარდაჭერილი იყო.
ნათელია, რომ სავალდებულო კვოტირება არის ქალების პოლიტიკური გაძლიერების დროებითი ზომა და არა ერთადერთი გზა. ეს არის პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმა, რომელმაც გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის მთავარ ამოცანას – პოლიტიკაში ჩართული ქალების რაოდენობა გაიზარდა და ქალების საკითხები დღის წესრიგის აქტუალური ნაწილი გახდა. ამასთან, ჩვენთვის პრიორიტეტული არასდროს ყოფილა ქალების მხოლოდ რაოდენობრივი მონაწილეობა. პოლიტიკურ სფეროში არსებითი თანასწორობის მიღწევა გრძელვადიან, შენარჩუნებად შედეგებზე ორიენტირებასა და თვისობრივი ჩართულობის უზრუნველყოფას მოითხოვს.
ქალების სამართლიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფაში გადამწყვეტ როლს პოლიტიკური პარტიები თამაშობენ. ჩვენი პოლიტიკური გუნდი კი იმ პრინციპების ერთგული რჩება, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში მხარს ვუჭერდით და ყველანაირ შესაძლებლობას გამოვიყენებთ ქალების გაძლიერებისთვის, მათ შორის, არა ფორმალური და სავალდებულო ჩანაწერების შესრულებით, არამედ ჩვენი საკუთარი ინიციატივებითა და შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერებით. Სწორედ ამიტომ შევქმენით 2 წლის წინ პარტიის ქალთა ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს, აძლიერებს მათ და აძლევს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის შესაძლებლობას.
ჩვენი პოლიტიკური გუნდი ქალების გაძლიერებაზე აღებული პასუხისმგებლობის ერთგული რჩება და აგრძელებს ქალების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებას. სწორედ ეს არის ქალთა არჩევით ორგანოებში წარმომადგენლობის სტაბილური ზრდის სწორი გზა”. – წერია უმრავლესობის ქალი დეპუტატების მიმართვაში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა – საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გუშინ, პირველ აპრილს გამოვიდა.
ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიას, ჰერმან საბოს და ვახტანგ მეგრელიშვილის საკანონმდებლო ინიციატივით, ცვლილება შედის საარჩევნო კოდექსში – პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ვალდებულნი თავიანთი საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად.
ინიციატორები თვლიან, რომ კანონი ადამიანების შესაძლებლობებს სქესის მიხედვით ასე განსხვავებულად არ უნდა აფასებდეს და საჭიროა ყველა მსგავსი ბარიერის მოხსნა.
“გენდერული კვოტირების მექანიზმი წარმოადგენს შეზღუდვას როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე იმ სქესის წარმომადგენლებისთვის, ვისი გაძლიერების მოტივითაც არის შეიქმნა ეს ნორმა. სქესის მიხედვით პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას ლოგიკური შინაარსი არ გააჩნია, ასეთი ხელოვნური ჩარევით ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სერიოზულ სახეს ვერასოდეს ვერ მიიღებს. კანონპროექტის მიზანია, დაეხმაროს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს თავი დააღწიონ კვოტით გამოწვეულ რეპუტაციულ ზიანს. სქესის ნიშნით კვოტირება კიდევ უფრო აღრმავებს ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს, რის გამოც რთულია ქალების სათანადო პოლიტიკურ მოთამაშეებად აღქმა” – წერია განმარტებით ბარათში.
ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულიანის თქმით, მმართველი გუნდი პარლამენტში მხარს დაუჭერს გირჩის ინიციატივას. მისი თქმით, სანაცვლოდ, ოცნებამ გირჩისგან მიიღო თანხმობა, რომ ცესკოს თავჯდომარის არჩევისას ორიენტირებულები იქნებიან კანდიდატის “კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე და ეს საკითხი არ იქნება გამოყენებული პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის”.