პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მისი გუნდი გენდერული კვოტების გაუქმებას მხარს არ დაუჭერს.
“გენდერული კვოტების გაუქმების საკითხზე მთელი დავიდარაბაა ატეხილი. ჩვენი გირჩელი კოლეგების პატივისცემის მიუხედავად, ამ ინიციატივას ჩვენი პარტია მხარს არ დაუჭერს. ახლა, ამ ვითარებაში კვოტების გაუქმება არასერიოზულად მიგვაჩნია.
გულახდილად რომ ვთქვა, მე ცოტა უცნაური პოზიცია მაქვს – ჩემი, პირადი. არც კვოტირების მომხრე ვარ და არც მისი გაუქმების. მე იმის მომხრე ვარ, რომ პოლიტიკაში მეტი ქალი იყოს. თუ კვოტირება გზა იყო იმისთვის, რომ ეს წაგვეხალისებინა, რატომაც არა? […]
მოდით, ვნახოთ, საკრებულოებისა და პარლამენტის დონეზე ამას როგორი ეფექტი ჰქონდა. შევხედოთ, ავწონ-დავწონოთ, სტატისტიკა და შედეგები ვნახოთ და თუ გაამართლა და ქალები გააქტიურდნენ – და აშკარაა, რომ გაამართლა, მაშინ დავტვოთ, რატომ ვჩქარობთ და რატომ გვინდა, რომ ეს ამბავი ყოველგვარი აწონ-დაწონვის გარეშე გავაუქმოთ”. – განაცხადა ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმებას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა – საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით პარტია გირჩი გუშინ, პირველ აპრილს გამოვიდა.
ალექსანდრე რაქვიაშვილის, იაგო ხვიჩიას, ჰერმან საბოს და ვახტანგ მეგრელიშვილის საკანონმდებლო ინიციატივით, ცვლილება შედის საარჩევნო კოდექსში – პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ვალდებულნი თავიანთი საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად.
ინიციატორები თვლიან, რომ კანონი ადამიანების შესაძლებლობებს სქესის მიხედვით ასე განსხვავებულად არ უნდა აფასებდეს და საჭიროა ყველა მსგავსი ბარიერის მოხსნა.
“გენდერული კვოტირების მექანიზმი წარმოადგენს შეზღუდვას როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე იმ სქესის წარმომადგენლებისთვის, ვისი გაძლიერების მოტივითაც არის შეიქმნა ეს ნორმა. სქესის მიხედვით პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას ლოგიკური შინაარსი არ გააჩნია, ასეთი ხელოვნური ჩარევით ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სერიოზულ სახეს ვერასოდეს ვერ მიიღებს. კანონპროექტის მიზანია, დაეხმაროს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს თავი დააღწიონ კვოტით გამოწვეულ რეპუტაციულ ზიანს. სქესის ნიშნით კვოტირება კიდევ უფრო აღრმავებს ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს, რის გამოც რთულია ქალების სათანადო პოლიტიკურ მოთამაშეებად აღქმა” – წერია განმარტებით ბარათში.
ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულიანის თქმით, მმართველი გუნდი პარლამენტში მხარს დაუჭერს გირჩის ინიციატივას. მისი თქმით, სანაცვლოდ, ოცნებამ გირჩისგან მიიღო თანხმობა, რომ ცესკოს თავჯდომარის არჩევისას ორიენტირებულები იქნებიან კანდიდატის “კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე და ეს საკითხი არ იქნება გამოყენებული პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის”.