პოლონეთი ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად პოლონელი ჰუმანიტარული მუშაკის დაღუპვის ფაქტზე ისრაელისგან განმარტებებს ითხოვს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
„ისრაელის ელჩს, იაკოვ ლივნეს სასწრაფო ახსნა-განმარტება პირადად ვთხოვე“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაღუპული მოხალისის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული მუშაკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოლონეთი საკუთარ გამოძიებას დაიწყებს.
შეგახსენებთ, ჰუმანიტარული ორგანიზაციის, World Central Kitchen-ის ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის სარაკეტო დარტყმას ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ავსტრალიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, კანადისა და პალესტინის მოქალაქეები არიან.