“აჭარისწყალი ჯორჯიამ” ხულოს მუნიციპალიტეტთან ერთად 10 მეწარმე ქალს ბიზნეს პროექტი დაუფინანსა

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია” ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, აფინანსებს პროგრამას „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისთვის“. პროგრამის მიზანია ქალთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა; ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გასულ წელს “აჭარისწყალი ჯორჯიამ” ხულოს მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით 10 ქალ მეწარმეს ბიზნეს პროექტი დაუფინანსა.
ერთ-ერთი მათგანი ასმათ ტუნაძეა. მეწარმე, რომელმაც მრავალწლიანი ოჯახური ტრადიციები ბიზნესად აქცია და შექმნა საწარმო “ფესტილი”, სადაც ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური ხილისგან დამზადებული ტყლაპი იწარმოება.“აჭარისწყალი ჯორჯია”-სა და ხულოს მუნიციპალიტეტის ერთობლივ პროექტში მონაწილეობის შედეგად საგანგებო კომისიამ ასმათ ტუნაძის პროექტი მოიწონა და მეწარმემ საშრობი დანადგარების შესაძენად დაფინანსება მიიღო.
“ტყლაპის წარმოება საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. ადრე, სანამ დანადგარებს შევიძენდი ყოველთვის ვამზადებდი ტყლაპს, თუმცა წარმოებას სჭირდებოდა დრო, ენერგია და განსაკუთრებით რთული იყო შრობის პროცესი. საჭირო იყო რამდენიმეკვირიანი კარგი ამინდი, რადგან ცუდი ამინდის პირობებში შესაძლებელი იყო ტყლაპს ლპობა დაეწყო. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ცუდი შრობის გამო გაფუჭებული პროდუქტი გადაგვიყრია”, – ამბობს ასმათ ტუნაძე.
ახალი დანადგარებით “ფესტილში” ხილის შრობის პროცესი რამდენიმე კვირის ნაცვლად მხოლოდ 12 საათს გრძელდება. საწარმო ამ ეტაპზე მხოლოდ ორ ადამიანს ასაქმებს, თუმცა
უახლოეს მომავალში წარმოების ზრდის პარალელურად დასაქმებულების რაოდენობის ზრდაც მოიაზრება.
“მსგავსი პროექტების დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ქალებისთვის. ოდესღაც მეც სხვა წარმატებული ქალების მაგალითზე დავიწყე ბიზნესი და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი წარმატებული ბიზნესიც სხვა ქალებისთვის მოტივაცია იქნება”, – აღნიშნავს “ფესტილის” დამფუძნებელი.
კიდევ ერთი მეწარმე ქალი, რომელმაც “აჭარისწყალი ჯორჯია”-სა და ხულოს მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტში „სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ მიიღო მონაწილეობა და დაფინანსება მიიღო – მონიკა ჩოგაძეა.
მონიკა ფოტოგრაფიით ჯერ კიდევ წლების წინ დაინტერესდა, ჰობი მალევე საყვარელ საქმედ და შემოსავლის წყაროდ აქცია. თავიდან გადაღებებს მხოლოდ გარე სივრცეში გეგმავდა, თუმცა დროთა განმავლობაში მოთხოვნა სტუდიაში გადაღებულ ფოტოებზეც გაჩნდა. ინტერესის პერმანენტულმა ზრდამ ფოტოგრაფის მხრიდან ამ მიმართულებაზე მეტი აქცენტი განაპირობა. პროექტის ფარგლებში მიღებულმა დაფინანსებამ მონიკას შესაძლებლობა მისცა, საკუთარი ფოტო-სტუდია სრულფასოვნად მოეწყო.
“განაცხადის შეტანის შემდეგ რამდენიმე ეტაპი გავიარე. პირველი ტური, მეორე ტური…ყველა ეტაპი კარგად გავიარე და მოვხვდი 10 გამარჯვებულ ქალს შორის. გამარჯვების შემდეგ შევიძინე ის ინვენტარი, რაც სტუდიისთვის მჭირდებოდა და ხულოში გავხსენი ისეთი სტუდია, რომელიც იქნება ძალიან მასშტაბური და უამრავ ადამიანს მოემსახურება”, – განმარტავს მონიკა ჩოგაძე.
მონიკა ფიქრობს, რომ მისი ფოტო-სტუდია, ხულოს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველია ადგილი გახდება არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ იქ ჩასული ტურისტებისთვისაც. ზოგადად, პროექტის შესახებ საუბრისას, მეწარმე განმარტავს იმასაც, რომ მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის, რადგან ეს არის შესაძლებლობა მათ საკუთარი ნიჭი და უნარები ბიზნესად აქციონ და სტაბილური შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ.
ასმათის და მონიკას პროექტების გარდა, სპეციალურმა კომისიამ, რომელიც როგორც საჯარო ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული, კიდევ რამდენიმე საუკეთესო პროექტი შეარჩია. დაფინანსდა: სოკოს საწარმო, საკონდიტრო, ჩირის საწარმო, ფოტო-სტუდია და ასევე ხელნაკეთი ნივთების საწარმო.
“პროექტში მონაწილეობების მსურველების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და სულ 54 განაცხადი შემოვიდა. გამოჩნდნენ სოფლად მცხოვრები ისეთი ქალები, რომლებსაც ძალიან კარგი იდეები ჰქონდათ და მათ განხორციელებაში ხელს ფინანსური სიდუხჭირე უშლიდათ. სწორედ ეს პროექტი იყო უამრავი მათგანისთვის ნატვრის ასრულება და შესაბამისად, ოჯახების გაძლიერება”, – ამბობს ხულოს რაიონის მუნიციპალური გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, ნარგიზ დეკანაძე.
ცნობისთვის: ენერგოკომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’, რომელიც 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს ფლობს, მსგავს პროგრამას შუახევის მუნიციპალიტეტშიც მხარს უჭერს და აფინანსებს. როგორც ენერგოკომპანიაში განმარტავენ, მაღალმთიან აჭარაში ქალთა გაძლიერებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად გეგმავენ.