შალვა პაპუაშვილი – „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების მიზანია, პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში განსაკუთრებით შენარჩუნდეს კავშირი რეგიონში მცხოვრებ ამომრჩეველთან

პარტიების გაძლიერებისთვისაც მნიშვნელოვანია, არამხოლოდ დედაქალაქში, ოფისში შეკეტილი პარტია იყოს, რომელიც 2-3 ტელევიზიაში მივა, რაღაც პატარა რეიტინგს დაიწერს და მიიღებს 1-2 მანდატს, არამედ იყოს პარტია, რომელიც თავის ამომრჩევლებს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების“ მიერ “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვით, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, დაგეგმილი ცვლილებების მიზანია პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში განსაკუთრებით შენარჩუნდეს კავშირი რეგიონში მცხოვრებ ამომრჩეველთან.
„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართ, სადაც მაჟორიტარული წარმომადგენლობა პარლამენტში არ იქნება. როდესაც რეგიონში ამომრჩევლებთან გვაქვს ურთიერთობა, ნათელია, რა როლი აქვს მაჟორიტარ დეპუტატს იქ მყოფი ამომრჩევლისთვის. ეს არის ხიდი პარლამენტსა და ამომრჩეველს შორის, ამიტომ მეც ვფიქრობდი დიდი ხანი, როგორ შეიძლება პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში განსაკუთრებით შეინარჩუნოს კავშირი ამომრჩეველთან რეგიონში, რათა ჰქონდეს პარლამენტს კავშირი ამომრჩეველთან. არის პოლიტიკური კავშირი, რომელიც უნდა არსებობდეს პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ამომრჩევლებს შორის. კვლევის საბოლოო შედეგის მიხედვით, ეს არის საკითხი, რომელიც პარტიებმა თავად უნდა დააორგანიზონ და უზრუნველყონ იმით, რომ ამომრჩეველს მისცენ საშუალება ამ სიაში დაინახონ, თუ ვინ არის მისი უშუალო წარმომადგენელი.
ეს არის პარტიებისთვის შესაძლებლობა, როდესაც ისინი გავლენ ს დროს რეგიონებში, უთხრან ამომრჩევლებს, თუ გვეყოლება წარმომადგენლობა პარლამენტში, უშუალოდ თქვენი ხმა პარტიაში ეს ადამიანი იქნება.
ეს არის ის მოდელი, რომელიც ყველაზე ადეკვატურია. ეს პარტიების განსახორციელებელი საკითხია. პარტიების გაძლიერებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ იყოს არამხოლოდ დედაქალაქში, ოფისში შეკეტილი პარტია, რომელიც 2-3 ტელევიზიაში მივა და ამით რაღაც პატარა რეიტინგს დაიწერს და მიიღებს 1-2 მანდატს, არამედ იყოს პარტია, რომელიც თავის ამომრჩევლებს წარმოადგენს.
ეს არ იყოს კლუბი, სალონური, რომელიც თბილისში, ცენტრში ოფისში არის და მედიით და სოცმედიით აქვს კონტაქტი მხოლოდ ამომრჩეველთან, არამედ იყოს პარტია ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით, ხალხის წარმომადგენელი იყო, მთლიანად ამომრჩევლის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.