რუსთავის სასამართლოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, გოგონას დაკავებული დედის და ბიძის პროცესი მიმდინარეობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედის, ეგანა მაგარამოვასა და ბიძის, ნატიკ მაგარამოვის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა ბოლო მტკიცებულებას წარადგენს, რითაც საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს.
სასამართლო პროცესზე პროკურორი ხატია გოგრიჭიანი ბრალდებულ ეგანა მაგარამოვას მობილურ ტელეფონს წარადგენს. ადვოკატის მტკიცებით, აღნიშნულით დადასტურდება, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ალიმ სადიკოვმა ბრალდებულ ეგანა მაგარამოვას დაურეკა და დაემუქრა. პროკურორის თქმით კი, დარეკვის ფაქტი მუქარას არ ადასტურებს და ბრალდებულს შეეძლო, ვიდრე ალიმ სადიკოვს შეხვდებოდა, “112”-ში დაერეკა.
სხდომაზე ეგანა მაგარამოვამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პროკურორმა მისი ყოფილი მეუღლე და მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა დააშანტაჟა.
“ყოფილი მეუღლე დააშანტაჟა, თუკი ხელს არ დაადებ ეგანას, მსჯავრდებულის მძიმე ცხოვრება გელოდებაო. იმდენად მომბეზრდა წინ და უკან რომ მატარებდა, ბოლოს ვუთხარი, რასაც ამბობ, იმას ვიტყვიო. ალიმ სადიკოვის ბიძაც დაუშანტაჟებია, სასამართლოში ეგანას თუ არ დაუპირისპირდები, შვილებსაც და ცოლსაც დავაჭერინებო”, – განაცხადა ეგანა მაგარამოვამ.
მოსამართლის, მაია შოშიაშვილის კითხვაზე, თუ საიდან იცის ბრალდებულმა ეს ინფორმაცია, მაგარამლვამ განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ ყოფილმა მეუღლემ მათ შვილს უთხრა.
პროკურორის, ხატია გოგრიჭიანის განმარტებით, ეს ბრალდებულის მიერ მოგონილი ფაქტებია. მისივე განმარტებით, ეგანა მაგარამოვას ყოფილ მეუღლეს, ადვოკატი ჰყავდა და მისი თანდასწრებით მოხდა შეხვედრა. რაც შეეხება სალიმ ადიკოვის ბიძას, აღნიშნულ საქმეს სხვა პროკურორი ჰყავს და მასთან კომუნიკაცია გოგრიჭიანს არ ჰქონია.
ცნობისთვის, მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა.
რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვი დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გორის საკრებულოს წევრი – ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვაპირებთ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, ვიბრძვით იქამდე, სანამ ჩვენი ქვეყანა არ გახდება დასავლური სტრუქტურების ნაწილი და ჩვენ არ დავამარცხებთ ოლიგარქიას

ქობულეთის საკრებულოს წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებს და აგრძელებს ბრძოლას 2003 წლის იდეალებისთვის, რომელიც აგებული იყო ევროპულ ფასეულობებზე

თინა ბოკუჩავა – ზოგმა ვერ გაუძლო ცდუნებას, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 4 ოქტომბერსაც იქნება ბრძოლის წინა ხაზზე – შევიკრიბეთ, რათა ვუთხრათ არა, რუსულ სპეცოპერაციას და ვიბრძოლოთ თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის