„ქართული ოცნება“ ითხოვს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები მოუხსნას ქართველ მოსამართლეებს.
მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ ეს საკითხი რობერტ დანიგანის ელჩობის პერიოდში გადაწყდება.
„საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის, აშშ-ის ადგილობრივ წარმომადგენლობას, — საელჩოს, ქალბატონ ელჩს და იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის პირობებში ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, — დაიწყოს საუბარი და ქართველ მოსამართლეებს მოეხსნათ სანქციები, რომელიც შტატების მხრიდან დაუწესდა“, — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქცირება, — მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება სავიზო თუ სხვა სანქცია — სასამართლოს წინააღმდეგ არასამთავრობო სექტორის, ნაციონალური მოძრაობისა და მათი განშტოებების „მდაბიო კამპანიას“ ახალისებს.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ 3 მოქმედ და ერთ ყოფილი მოსამართლესთან ერთად, „პრაქტიკულად სანქცია დაედო“ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელსაც აშშ-ში გამგზავრებისა და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის საშუალება არ ეძლევა.
„ჩვენ ვითხოვთ, ამ მოსამართლეებს მოეხსნათ სანქციები. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ლაშა ჩხიკვაძის მიმართ იყო უსაფუძვლო ბულინგი. და ვინც ირიბი მხარდაჭერაც კი დააფიქსირა ამისადმი, ყველას ბოდიში აქვს მოსახდელი ამ ადამიანის და მისი ოჯახის წევრების წინაშე. მან თავად განაცხადა, რომ მისი შვილი გარკვეულ სამედიცინო დახმარებასაც კი საჭიროებს ამ ბულინგის გამო. წარმოუდგენელია, თან მართალი იყო და შენ და შენს ოჯახის წევრებს ისე გაბულინგებდნენ, სამედიცინო ჩარევა გახდეს საჭირო“, — განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ამ ყველაფერს ახალისებს უსაფუძვლო დამოკიდებულება, განსაკუთრებით, სანქციები მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან.
„თუკი რამე ამ ქვეყანაში ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ განწყობებს შეიძლება აღვივებდეს, ეს არის უსაფუძვლო გადაწყვეტილებები. ამიტომ ჩვენ კატეგორიულები ვართ ჩვენს ამ თხოვნაში თუ მოთხოვნაში, რომ მოეხსნათ მათ სანქციები“, — დასძინა მამუკა მდინარაძემ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს სანქციები დაუწესა მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.
რაც შეეხება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ ის აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.
ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.
2023 წლის 22 ივნის ნიკა გვარამია პრეზიდენტმა შეიწყალა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ნიკა გვარამია სარჩელი განსახილველად არ მიიღო.