„ჩვენი ანბანი ხშირად მიაქვთ საჩუქრად უცხოური დელეგაციებისა და საელჩოებისთვის“ – მარიამ ჟორჟოლიანი

ხელოვნებათმცოდნე და კალიგრაფი ელენე მაჭავარიანი ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ქართულ ხელნაწერებზე მუშაობს. 3 წლის წინ მისმა შვილიშვილმა, დიზაინერმა მარიამ ჟორჟოლიანმა ბებიის მიერ შესრულებული ხელნაწერი ანბანის ქაღალდზე კოპირება, ოქროს დეტალებით გაფორმება და გაყიდვა დაიწყო. კომერსანტთან“ საუბრისას „ხელნაწერის“ თანაავტორი ამბობს, რომ რამდენიმე თვეა, მეორე პროექტი დაიწყეს და წინ კიდევ ბევრი გეგმები აქვთ. ფასებს რაც შეეხება, ხელით შესრულებული, მოოქრული და ჩარჩოში ჩასმული ქართული ანბანის ფასები 550-დან 1200 ლარამდეა.
„ამ ნამუშევრებზე მუშაობა მე და ბებიამ – ელენე მაჭავარიანმა, დაახლოებით, 2-3 წლის წინ დავიწყეთ. თუმცა, ბებიას ანბანის ხელნაწერი დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ ჰქონდა გაკეთებული. ის მთელი ცხოვრებაა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მუშაობს. რეალურად მე მისი ნამუშევრის კოპიო გავაკეთე.
ორი პროექტი გვაქვს: პირველი პროექტია ქართული ანბანი საზედაო ასოებით, სადაც 33 ასო-ნიშანია. საზედაო ასო ის გაფორმებული ასოა, რომლითაც ხელნაწერებში სიტყვა იწყება. ამ საზედაო ასოს გასწვრივ გვაქვს გამოტანილი ჩვენი სამსახოვანი დამწერლობა – ასომთავრული, მხედრული, ნუსხური, საერთაშორისო ტრანსკრიფცია. ამ ყველაფერს ინფორმაციული დატვირთვა აქვს, ხელითაა შესრულებული და ოქროს დეტალებითაა გაფორმებული“, – ამბობს მარიამ ჟორჟოლიანი.
ხელით შესრულებული ქართული ანბანი 2 ზომაში იყიდება 30/70 სმ და 25/50 სმ და მათი ფასი 1200 და 750 ლარია. „ხელნაწერის“ თანაავტორი გვიყვება, რომ რამდენიმე თვეა, რაც ერთი ასო-ნიშნის პროექტი დაამატეს, რომლის გარშემო თავს იყრის სამსახოვანი ანბანი, მისი გრაფიკული განვითარება და რიცხვითი მნიშვნელობები. მისი ფასი 550 ლარია.
მარიამ ჟორჟოლიანი ამბობს, რომ „ხელნაწერით“ ქართველებთან ერთად, უცხოელებიც ინტერესდებიან, ხშირად საჩუქრად მიაქვთ სხვადასხვა უცხოური დელეგაციებისა და საელჩოებისთვის.
„ჩვენი ანბანით უცხოელებიც ინტერესდებიან. ხშირად მიაქვთ საჩუქრად საზღვარგარეთ, ასევე – სხვადასხვა დელეგაციებისთვის, ელჩებისთვის. ჩვენს ნამუშევრებს ახლავს ასევე პასპორტი ქართულ და ინგლისურ ენაზე, სადაც ინფორმაციაა დატანილი ავტორზე, ტექნიკაზე და, რა თქმა უნდა, ქართულ ანბანზე“, – ამბობს პროექტის თანაავტორი.
მარიამ ჟორჟოლიანის თქმით, პროექტის მიზანი ქართული ანბანის პოპულარიზაციაა და მიიჩნევს, რომ ძველ ქართულად კითხვა, სასურველია, რომ ყველას შეეძლოს.
„ჩვენი მიზანი ქართული ანბანის პოპულარიზაციაა. ჩემი აზრით, ყველა ოჯახში უნდა იყოს ასეთი ანბანი, ბავშვებმა უნდა იცოდნენ და ჩვენც რაღაცების – თუნდაც ეკლესიებში ფრესკების წარწერების წაკითხვა უნდა შეგვეძლოს. ეს დიდი ისტორია არ დაიკარგება, თუმცა სჭირდება ისეთი ადამიანებისგან მხარდაჭერა, როგორიც ბებიაა, რომელიც მთელი ცხოვრებაა ამ საქმიანობის პოპულარიზაციას ეწევა და უამრავი წიგნი აქვს დაწერილი. მეც შევუერთდი ამ საქმეს და ვცდილობ, რომ მისი საქმე გავაგრძელო“, – გვიყვება მარიამ ჟორჟოლიანი.
მარიამმა ისიც გვითხრა, რომ წელს შოურუმის მოწყობას გეგმავენ და მომხმარებელს ახალ პროექტსაც წარმოუდგენენ.
„გვინდა შოურუმის გაკეთება, რადგან ბევრი ითხოვს. თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ ვყიდით ნამუშევრებს. იმედი მაქვს, რომ მალე, ამ წელს მაინც გვექნება ჩვენი შოურუმი. ახალ პროექტზეც ვმუშაობთ, რომელიც თითქმის დასრულებულია და ისიც წელს იქნება გაყიდვაში. ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს წინ, რაც ჩვენს უნიკალურ დამწერლობასთან იქნება დაკავშირებული“, – აცხადებს მარიამ ჟორჟოლიანი.