რატომ გაიზარდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტი – Indorama Caucasus-ის განმარტება

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 2%-ით გაიზარდა. ორ თვეში ქვეყნიდან 21 მლნ 400 ათასი დოლარის სასუქი გავიდა, საიდანაც 13 მილიონი დოლარი თებერვალზე მოდის. ყველაზე მეტი, 9 მილიონ 162 ათასი დოლარის სასუქი რუმინეთში გაიყიდა, რომელსაც პერუ 3 მილიონ დოლარზე მეტით მოსდევს. მესამე ადგილზეა ბულგარეთი, მილიონ 834 ათასი დოლარით, რომელსაც ნამიბია და იტალია მოსდევს.
Indorama Caucasus -ის აღმასრულებელ დირექტორ ლევან ბურდილაძის განცხადებით, ექსპორტის ზრდის მთავარი მიზეზი სეზონზე არსებული მოთხოვნაა. როგორც მან “საქმის კურსის” ეთერში აღნიშნა, კომპანიას საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად ტრეიდერი დაეხმარა.
“როგორც გასულ წელს, ისე 2024-ის დასაწყისში “რუსთავის აზოტის” საწარმო სრული დატვირთვით მუშაობს. რაც შეეხება ექსპორტს. გასულ წელთან შედარებით, წლევანდელი რიცხვები არის შემდეგი: წელს პირველ კვარტალში 122 ათასი ტონა ამონიუმის ნიტრატის ექსპორტი მოხდა, ხოლო გასულ წელს ეს 98 ათასი ტონა იყო. გვყავს ტრეიდერი, რომელიც ჩვენს პროდუქციას ყიდულობს. მაჩვენებელი ცვალებადია, შეიძლება, შემდეგ წელს განსხვავებული იყოს”, – განაცხადა ლევან ბურდილაძემ.
Indorama Caucasus -ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ივნისის ბოლოდან, შესაძლოა ექსპორტი შემცირდეს, მოთხოვნის ახალი ბუმი კი შემოდგომაზე გაჩნდეს.
“ახლა სეზონიდან გამომდინარეა ასეთი ინტენსივობა როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის ქვეყნებში. მოგეხსენებათ, აზოტოვანი სასუქები სეზონური პროდუქტია. ახლა, როდესაც შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს, ხომალდების შემოყვანის, დატვირთვის და ექსპორტზე გაგზავნის ინტენსიური პერიოდია. ივნისის ბოლოს, ივლისი, აგვისტო საკმაოდ მიძინებული პერიოდია. მოთხოვნის მეორე ტალღა შემოდგომაზე იწყება”, – აღნიშნა ლევან ბურდილაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ