წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს აჭარაში $96.2 მლნ-ის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს აჭარაში $96.2 მლნ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 64%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, ეკონომიკური საკითხები აჭარის მთავრობის სხდომაზე განიხილეს, სადაც საბიუჯეტო შემოსავლებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც იმსჯელეს.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2023 წელს აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებმა 542 მილიონ ლარს გადააჭარბა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, მუნიციპალიტეტების მიერ 2023 წელს მაქსიმალურად იყო ათვისებული როგორც კაპიტალური, ასევე სპეციალური ტრანსფერების ფარგლებში გათვალისწინებული თანხები და ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.