Reuters: კროკუს სითი ჰოლის თავდასხმამდე ირანი რუსეთს შესაძლო ტერაქტის შესახებ აფრთხილებდა

გამოცემა Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მოსკოვში კროკუს სითი ჰოლზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმამდე, ირანმა შესაძლო “ტერორისტული ოპერაციის” შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ Reuters-ს საკითხთან დაახლოებული სამი პირი ანონიმურობის დაცვის პრინციპით ესაუბრა.
ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ “რუსეთში მომხდარ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, თეირანმა მოსკოვს რუსეთში შესაძლო მასშტაბური ტერორისტული თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა, რომელიც მაშინ მოიპოვეს, როცა ირანში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებული დაკავებულები დაკითხეს”.
იანვრის თვეში ირანში 35 პირი, რომელთა შორის ISIS-K-ის (ISIS-ის ხორასნის ვილაიეთის) განშტოების მეთაური, დააკავეს. ირანის თქმით, ეს პირები 3 იანვარს ქალაქ კერმანში მომხდარ ორ აფეთქებასთან იყვნენ კავშირში.
მოგვიანებით, ირანში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. “ისლამურმა სახელმწიფომ” (ISIS) აიღო. ამასთანავე, -ს სადაზვერვო ინფორმაციით, ირანში 3 იანვრისა და მოსკოვის 22 მარტის თავდასხმები ISIS-K-ს მიერ იყო მოწყობილი.
მეორე წყაროს თქმით, ინფორმაცია, რომელიც ირანმა რუსეთს მიაწოდა, მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით სათანადო და საკმარის დეტალებს არ შეიცავდა იმის თაობაზე, თუ სად მოხდებოდა ტერაქტი ან რა იქნებოდა ტერორისტების სამიზნე.
“მათ [ISIS-K-ის წევრებს] ჰქონდათ ინსტრუქციები, რომ რუსეთში მნიშვნელოვანი ოპერაციისთვის მომზადებულიყვნენ… ერთ-ერთმა [ირანში დაკავებულმა] ტერორისტმა განაცხადა, რომ დაჯგუფების ზოგიერთი წევრი რუსეთში უკვე გამგზავრებული იყო”. – თქვა მეორე პირმა Reuters-თან საუბრისას.
ხოლო მესამე წყაროს თქმით, “წლებია, რაც ირანი ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლია, ირანელმა მაღალჩინოსნებმა უბრალოდ მათი მოვალეობა შეასრულეს, და მოსკოვს დაკავებული ტერორისტებისგან მიღებული ინფორმაცია მიაწოდეს”.
7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც. რუსეთში მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაციასთან დაახლოებულმა პირმა განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ISIS-K-ის ტერორისტების საუბრის ჩაჭრის შედეგად მოიპოვეს.
რუსეთი აშშ-ს ცნობებს უარყოფს და ცდილობს, ტერორისტული თავდასხმა ს მტკიცებულებების გარეშე დაუკავშიროს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 31 მარტს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც უკრაინას კროკუს სითი ჰოლზე მოწყობილ ტერაქტში ოფიციალურად ადანაშაულებენ.
22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე “კროკუს სითი ჰოლის” საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.
თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 144-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.
რუსეთის ცნობით, ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია 11 პირი, აქედან 4 უშუალოდ შემსრულებელია. ტაჯიკეთის ოთხ მოქალაქეს: დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდას, ფარიდდუნ შამსუთდინსა და მუჰამადსობირ ფაიზოვს მოსკოვის ბასმანის მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ ბრალი სრულად აღიარეს. სასამართლო პროცესზე ოთხივე ეჭვმიტანილს ეტყობოდა ცემის კვალი.