გერმანიაში ძალაში შევიდა კანაფის ნაწილობრივი ლეგალიზების კანონი

1 აპრილიდან გერმანიაში კანაფის ნაწილობრივ ლეგალიზების კანონი ამოქმედდა.
ბერლინში, ბრანდენბურგის ჭიშკართან ამ ნაბიჯის მომხრეები შუა ღამის შემდეგ ზეიმობდნენ ახალ თავისუფლებას. ასეულობით ადამიანი შეიკრიბა იქ და როგორც dpa-ს კორესპონდენტი იტყობინება, დემონსტრაციულად ეწეოდნენ მარიხუანას და ცეკვავდნენ რეგეის მუსიკაზე. ამიერიდან სრულწლოვანებს აქვთ უფლება ატარონ 25 გრამი მარიხუანა ან ჰაშიში.
აკრძალულია მისი მოხმარება არასრულწლოვანების თანდასწრებით, ასევე სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან და სპორტულ ობიექტებთან. მწეველს შეუძლია შინ შეინახოს 50 გრამამდე კანაფის პროდუქტი.
ამ ეტაპზე გერმანიაში კანაფის მომხმარებელთა წინააღმდეგ 100 ათასი საქმეა აღძრული, რაც, იუსტიციის მინისტრის, მარკო ბუშმანის თანახმად, იმას ადასტურებს, რომ კანაფის პოლიტიკამ არ იმუშავა. მისი აზრით, ამიერიდან სამართალდამცველებს და პოლიციას ტვირთი შეუმსუბუქდება. პოლიციის პროფკავშირი პირიქით, ფიქრობს, რომ სამართალდამცველები ახლა მეტად დაიტვირთებიან, რადგან კანონში ყველაფერი ცხადი არ არის და ამასთან, პოლიცია არ არის სათანადოდ აღჭურვილი ახალი კანონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რაც კონტროლის დროს კონფლიქტებს გამოიწვევს.
გერმანიის საზოგადოებაში კანაფის პოლიტიკის მიმართ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. ამ ქვეყანაში მეზობელი სახელმწიფოებისგან განსხვავებით დღემდე კანონი მკაცრი იყო.