ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა კახელ მევენახეებსა და კახეთის გუბერნატორის მოადგილეს შორის. 400-მდე მევენახე ჩაბარებულ ყურძენზე თანხის გასტუმრებას ითხოვს. ფერმერებს 10 ათასობით ლარი აქვთ ასაღები. კომპანია “ართეგი”, რომელმაც წინანდლის ქარხანა იქირავა, მათთან კონტაქტზეც აღარ გადის.
შეხვედრაზე ორი ალტერნატიული ვერსია განიხილეს – ღვინის ქარხნიდან მოხდეს ღვინის გატანა და გაყიდვა, რის შემდეგაც ადგილობრივებს დავალიანებას გაუსტუმრებენ. მეორე ვერსიით, გამორიცხული არაა სახელმწიფომ დამატებითი სუბსიდია გაიღოს ქარხნისთვის.
განცხადება დაწერეს და გუბერნატორ, გიორგი ალადაშვილს მიმართეს. გლეხები ამბობენ, რომ ალადაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შუამავალი იქნებოდა მათსა და კომპანია “ართეგს” შორის.
მევენახეებმა დღეს გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში გადაინაცვლეს, სადაც მცირე სიტყვიერი შელაპარაკება იყო მევენახეებსა და გუბერნატორის მოადგილეს შორის.
“პრემიერთან წავალთ, რაღაცას გავაკეთებთ, ჩვენც გლეხები ვართ, ხალხი ვართ, ფული გვჭირდება, ბანკის ვალდებულებები გვაქვს, ჩვენც ხო ადამიანები ვართ. არჩევნები მოვა, 5 000 კაცი დგას ჩვენ უკან, არჩევნებზე არ გინდათ რამე რომ შეგიწყოთ ხელი?! [არჩევნებთან რატომაა დაკავშირებული?] იმიტომ არის, რომ არის, უნდათ ხმები, მაგრამ ვინ მისცემს ხმას, 5 000 კაცია ჩვენ გარშემო”, – ამბობდა ერთ-ერთი დაზარალებული.
გუბერნატორი მოადგილე, გივი მეტრეველი ამბობს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები საკითხის გადაწყვეტაში ჩართულები არიან.
ავტორი: ია გულიაშვილი.