კარტოგრაფების საქმეზე ყოფილი პრემიერმინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გამოიკითხა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მოწმეს, რომელზეც პროკურატურა განსაკუთრებულ იმედებს ამყარებდა, ამ თემაზე ბევრი არაფერი არ ახსოვს. ამას გარდა, ნოღაიდელი მოსამართლესთან მეტწილად განმარტავდა, რომ დასმულ შეკითხვებზე ის არ იყო კომპეტენტური, რომ ეპასუხა.
სახელმწიფო ბრალდებას აინტერესებდა როგორ გადაწყდა 2005 წელს საზღვრის სადემარკაციო საკითხი აზერბაიჯანთან, როცა მთავრობის მეთაური იყო. თუმცა, ნოღაიდელი ამბობს, რომ ეს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, კომპეტენცია იყო.
ნოღაიდელი ასევე დასძენს, რომ სააკაშვილი მთავრობას ავალებდა, მოეძებნათ საშუალება, რომლითაც გარეჯის კომპლექსი სრულად უნდა დარჩენილიყო საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.
“უშიშროების საბჭოს მართავდა ცხადია პრეზიდენტი. ეს იყო მისი უფლებამოსილებაც და პასუხისმგებლობაც. ის მართავდა ამ სხდომასაც და შესაბამისად გადაწყვეტილებასაც მხოლოდ პრეზიდენტი იღებდა,” – აღნიშნა ნოღაიდელმა დღევანდელ სხდომაზე.
თუმცა, ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ როცა ნოღაიდელი იყო პრემიერმინისტრი, ის არ დაინტერესებულა დელიმიტაციის პროცესით და ცრუობს.
“ბატონი მოწმე უბრალოდ ცრუობს. იმიტომ, რომ ის არაფრით არ დაინტერესებულა არასდროს ჩიჩხიტურთან, უდაბნოსთან ან სხვა მონასტრებთან დაკავშირებით. არც კი ჩაუხედავს როგორ მიმდინარეობს დელიმიტაციის პროცესი, როცა პრემიერმინისტრი იყო,” – ამბობს მშვენიერაძე.