„ამ საქმეში ჩემი თავი ვიპოვე“ – როგორია მინიატურებზე და დეკუპაჟის ტექნიკით შესრულებულ ნამშევრებზე მოთხოვნა

თინათინ ხეიძე თვითნასწავლი ხელოვანია, ამ ეტაპზე მინიატურების შექმნით და დეკუპაჟით არის დაკავებული, როგორც თვითონ აღნიშნავს საქმე დიდ სიამოვნებას ანიჭებს და ცოტა შემოსავალიც აქვს.
„ამ ეტაპზე დაკავებული ვარ დეკუპაჟის ტექნიკით და ვაკეთებ მინიატურებს, საქმიანობა 2016 წელს დავიწყე, მანამდე ბევრი რაღაც მოვსინჯე, ქორწილების დიზაინერიც ვიყავი, მაგრამ აქ ჩემი თავი ვიპოვე. ვაკეთებ ინტერიერის დეკორს. ზარდახშებს, საკიდებს, ლანგარებებს, ვმუშაობ შეკვეთებზეც და ჩემი გემოვნებითაც ვაკეთებ.
რაც შეეხება მასალას, ძირითადად არის ხე, არ ვმუშაობ არც პლასტიკზე, არც მინაზე, შეიძლება პატარა დეტალებში ყველაფერი გამოვიყენო, მაგრამ ძირითადი სამუშაო მასალა არის ხე, აკრილი, წებო, თვით შრობადი მასა და ტექსტილი, ყველაფერს ვიყენებ გააჩნია რას ვაკეთებ.“ – აღნიშნა თინათინ ხეიძემ.
რაც შეეხება გაყიდვებს თინათინ ხეიძე აღნიშნავს, რომ ნამუშევრებს ძირითადად ონლაინ ყიდის და წელიწადში ორჯერ ქარვასლაში და შერატონში იღებს მონაწილეობას. მისივე თქმით პროდუქციის მიმართ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
„ჩემ ნამუშევრებს ძირითადად ონლაინ ვყიდი, დაინტერესება საკმაოდ მაღალია, 2023 წელს ოდნავ ჩავარდნა მქონდა, თუმცა 2024 წელი კარგად დაიწყო, მინიატურები იმდენად მოსწონთ, რომ დეკუპაჟი ცოტა ხნით გავაჩერე, რადგან როდესაც ვიღებ მინიატურაზე შეკვეთას დიდი დრო მჭირდება.
რაც შეეხება ფასებს, ძალიან მარტივი მინიატურა 60-70 ლარი ღირს, მაგრამ ძირითადად სტანდარტული ზომის 30×20 მინიატურები 1030-150 ლარის ფარგლებში მერყეობს. დიდ ზომებზე ვერ ვმუშაობ, რადგან ჯერჯერობით სახლიდან ვმუშაობ და საკუთარი სახელოსნო არ მაქვს“- აღნიშნა თინათინ ხეიძემ.
რას შეეხება სეგმენტს თინათინ ხეიძე აღნიშნავს, რომ ონლაინ ძირითადად ადგილობრივი მომხმარებლები უკვეთენ, თუმცა გამოფენებზე დაინტერესება უცხოელების მხრიდანაც არის. მისივე თქმით არის შემთხვევები როდესაც ქართველები ყიდულობენ მის ნამუშევრებს და საჩუქრად სხვადასხვა ქვეყანაში მაიქვთ, შესაბამისად მისი მინიატურები ბევრ ქვეყანაში არის წარმოდგენილი.
რაც შეეხება ინვესტიციას თინათინ ხეიძე აღნიშნავს, რომ ინვესტიცია პირადი სახსრებით და შვილის დახმარებით განახორციელა.
„საწყისი ინვესტიცია პირადი ხარჯებით განვახორციელე, მე ამ საქმით ოჯახს ვერ შევინახავ, მაგრამ ჩემი შემოსავალი ყოველთვის მაქვს. მასალების ადგილობრივ ბაზარზე შეძენა დამჭირდება თუ გამოწერა ჩემი შვილი მეხმარება ხოლმე.“ – აღნიშნა თინათინ ხეიძემ.
სამომავლოდ თინათით ხეიძე ბიზნესის გაფართოებას ფიქრობს, სურს საკუთარი სახელოსნო მოაწყოს და მისი ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს, მისივე თქმით პერიოდულად მასტერკლასებსაც ატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ