წარმატებების და გამარჯვებების კვალდაკვალ ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს- პრობლემების მოგვარების ნაცვლად გამოდის საკითხები, რომელიც ეხება „ქართული ოცნების” ერთ-ერთი დეპუტატისთვის საგადასახადო შეღავათს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
ნადირაძის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ძმას მიმდინარე სამშენებლო პროექტზე 9 მილიონი ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა ეს გადასახდელი თანხა 3 მილიონამდე შეუმცირდა.
“სამწუხაროდ, წარმატებების და გამარჯვებების კვალდაკვალ ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ჩვენი ემიგრანტები გაურბიან გაძვირებულ მედიკამენტებს, ცხოვრებას, პროდუქტს, უმუშევრობას. შესაძლოა, დასაქმებული იყოს ადამიანი, მაგრამ არ ჰყოფნიდეს. ბევრი პენსიონერს წამალი ვერ უყიდია. სესხების პრობლემაა, დაბალი პენსიებია, რასაც ემატება ქალაქის პრობლემები. საცობები, პარკირების, ავარიული კორპისების პრობლემა. თუმცა, ვხედავთ, რომ ამ პრობლემების მოგვარების ნაცვლად გამოდის საკითხები, რომელიც ეხება „ქართული ოცნების” ერთ-ერთი დეპუტატისთვის საგადასახადო შეღავათს. თუ შეიძლება განმარტეთ, სამი კვირის წინ საკრებულოს სხდომაზე გამოვიდა საკითხი, რომელიც ეხებოდა “ქართული ოცნების” დეპუტატის, სონღულაშვილის ძმის კომპანიის მიერ 9 მილიონი ლარის გადახდას. 3 კვირის შემდეგ გამოდის ეს საკითხი და ეს ადამიანი 3 მილიონ ლარს იხდის. სად დაიკარგა ეს 6 მილიონი ლარი?“- აღნიშნა ნადირაძემ.
აღნიშნულა გამოეხმაურა საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც განმარტა, რომ ნადირაძე ზედაპირულ ინფორმაციას ავრცელებს.
„ცდილობთ, ადამიანებს უთხრათ, რომ თითქოს 9 მილიონის ნაცვლად იგივე გადაწყვეტილებაში კომპანია 3 მილიონს იხდის. ეს არ არის ასე. კარგად იცით, როგორც კი შინაარსში შედიხართ რწმუნდებით. თქვენი ინტერესია, ეს ზედაპირული ინფორმაცია გაავრცელოთ იმისთვის, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ.
გადაწყვეტილება, რომელიც დღეს არის განსახილველად, არის მიზანშეწონილობის, სამართლებრივად, ურბანულად სწორი”,-აღნიშნა ტყემალაძემ.