ამერიკის შეერთებულ შტატებში ფულის გამოძალვის ბრალდებით ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაკავებულები არიან ქართული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ე.წ. კანონიერი ქურდი ვაჟა გაბადაძე (ნათან იუსუპოვი) და მისი თანამზრახველები — კახა კაცაძე, თეიმურაზ თავბერიძე („თავა“), დავით ტიკარაძე. ოფიციალურ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ისინი ქუთაისიდან არიან. ოთხივე მათგანი 14 ნოემბერს დააკავეს.
როგორც საბრალდებო დასკვნაშია ნათქვამი, გაბადაძე და მისი თანამოაზრეები მსხვერპლისთვის ფულის გამოძალვას ფიზიკური ძალადობის მუქარით ცდილობდნენ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტოს პერიოდში.
„მსხვერპლის იძულება დაშინებითა და ძალადობის მუქარით, გადაიხადოს ფული, უკანონოა და ჩვენს ქალაქში ამ გზით ბიზნესი არ კეთდება. ეს არის ის უკანონო ქმედება, რაც, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში ამ ბრალდებულებმა ჩაიდინეს. FBI (გამოძიების ფედერალური ბიურო) უმოქმედოდ არ იქნება მაშინ, როცა ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრები ძალადობასა და გამოძალვაში არიან ჩართულები. პირიქით, ჩვენ მათ პასუხს ვაგებინებთ სისხლის სამართლის წესით“, — განაცხადა FBI-ის წარმომადგენელმა ჯეიმს სმიტმა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ მაქსიმუმ 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, თუმცა სასჯელის საბოლოო ზომას მოსამართლე განსაზღვრავს.