სოციალური ქსელების აფხაზი მომხმარებლები საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებას განიხილავენ. ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.
გამარჯვების შემდეგ ფეხბურთელები თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა“.
ტელეგრამ-არხი „რესპუბლიკა“ წერს, რომ: „ხელისუფლებებს, რომლებიც სპორტული ღონისძიებების წესებსა და ჩარჩოებს განსაზღვრავენ, რეაქცია უნდა ჰქონდეთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების არაადეკვატურ საქციელზე“.
სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც წერია, თუ როგორ დააჯარიმა 2022 წელს ფიფამ სერბეთის საფეხბურთო კავშირი – გასახდელში ეროვნულ ნაკრებს ჰქონდა დროშა, რომელზეც კოსოვო სერბეთის შემადგენლობაში იყო გამოსახული.
მწვავე დისკუსია გაიმართა აფხაზი ჟურნალისტის, როინ აგრბას იმ ფეისბუკპოსტის ქვეშ, რომელიც საქართველო-საბერძნეთის მატჩის შედეგებს ეხებოდა.
აი, კომენტარების ნაწილიც:
„მათთვის ეს მართლაც ისტორიული წარმატებაა“.
„მათ კარგი შემადგენლობა ჰყავთ. ჩაკვეტაძე კვარაცხელიაზე ნაკლებად როდი თამაშობს“.
„თავიდან ვიფიქრე, რა ყოჩაღები არიან, ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ-მეთქი (მეზობლურად მინდოდა მიმელოცა), მაგრამ ფეხბურთელებმა აფხაზეთსა და ოსეთზე რომ დაიწყეს სკანდირება, ეს სურვილი გამიქრა (ფეხბურთელებს ეს არ უხდებათ, მიტინგზე ხომ არ არიან!)“.
ვრცლად იხილეთ radiotavisupleba.ge