აშშ-ში ფულის გამოძალვის ბრალდებით ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. ინფორმაციას ნიუ იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულები არიან დაჯგუფების ლიდერი, ე.წ. კანონიერი ქურდი, ვაჟა გაბადაძე (ნათან იუსუპოვი), კახა კაცაძე, თეიმურაზ თავბერიძე (თავა) და დავით ტიკარაძე.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, გაბადაძე და მისი თანამზრახველები მსხვერპლისთვის ფულის გამოძალვას ფიზიკური ძალადობის მუქარით ცდილობდნენ. ჩადენილი დანაშაულები კი 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტოს პერიოდში ხდებოდა.
“მსხვერპლის დაშინებითა და ძალადობის მუქარით იძულება, გადაიხადოს ფული, უკანონოა და ჩვენს ქალაქში ამ გზით ბიზნესი არ იწარმოება. ეს არის ის უკანონო ქმედება, რომელსაც ბრალდებულები, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში სჩადიოდნენ. FBI არ იქნება უმოქმედო მაშინ, როდესაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ძალადობასა და გამოძალვაში არიან ჩართულები. პირიქით, ჩვენ მათ პასუხს ვაგებინებთ სისხლის სამართლის გზით”. – ამბობს FBI-ს თანამშრომელი, ჯეიმს სმიტი.
როგორც ნიუ იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა აღნიშნავს, რომ ოთხივე დაკავებული ქუთაისიდან არის და მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.