Wizz air-მა ივნისში დორტმუნდის ბილეთების ფასი თითქმის 4-ჯერ გაზარდა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში 18 ივნისს ჩაატარებს. ქართველი ფეხბურთელები თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. სწორედ ამ პერიოდში ავიაკომპანია Wizz air-მა გერმანიის მიმართულებით ბილეთების ფასი თითქმის 4-ჯერ გაზარდა.
ავიაკომპანიის ვებგვერდზე, 18 ივნისამდე, კერძოდ 10 ივნისს ქუთაისი-დორტმუნდის ბილეთის ფასი ერთ ადამიანზე 609 ლარი ღირს, 17 ივნისს კი 1 375 ლარი. დორტმუნდიდან ქუთაისისკენ 14 ივნისის ფრენა 319 ლარი ღირს, 21 ივნისს – 1 060 ლარი. შესაბამისად, საქართველო-თურქეთის ნაკრების თამაშზე ფეხბურთის გულშემატკივრებს გერმანიაში ფრენა, არსებული ფასებით, 2 435 ლარი დაუჯდებათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. დაძაბულ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა: საქართველოს ნაკრებმა 4 პენალტი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა მხოლოდ 2 პენალტის გატანა შეძლეს. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 18 ივლისს ჩაატარებს.