„პლანტველი“ წელს 70 ტონა მარწყვის მოსავალს ელოდება

ბიომეურნეობა „პლანტველი“ 2018 წელს 6 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთზე შეიქმნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მეურნეობის დამფუძნებელი და მარწყვის მწარმოებელთა ასოციაციის თანადამფუძნებელი მანანა ანჯაფარიძე ამბობს, მარწყვის გარდა მოჰყავთ ჟოლო, მაყვალი, სხვადასხვა ხეხილი და წელს ბოსტნეულის მოყვანასაც იწყებენ, წელს მარწყვის მოსავლის გაორმაგებას და 70 ტონამდე მოსავლის მიღებას ელოდებიან.
„სოფელ მისაქციელში მეურნეობა „პლანტველი“ ნატახტარში 2018 წლიდან გვაქვს. 6 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი გვაქვს, 2 ჰექტრამდე დახურული გრუნტია – ვერონული გვირაბის ტიპის სათბური, მარწყვი ამ 2 ჰექტარზე მოგვყავს, დანარჩენ ტერიტორიაზე გვაქვს შერეული მეურნეობა. შარშან ჩამოვიტანეთ მაყვალი და ჟოლო იტალიიდან. 2018 წლიდან გვაქვს ყველანაირი ხეხილი. წელს ამ ტერიტორიაზე 2000 კვ/მ გამოვყავით და ბოსტნის გაკეთებას და ბაღჩეულის მოყვანას ვიწყებთ. უკვე წლებია გვაქვს საერთაშორისო სერტიფიკატი, „კავკას 1“-ი, გავდივართ კონტროლს და ვაკმაყოფილებთ ყველა პირობას“, – აცხადებს „პლანტველის“ დამფუძნებელი.
რაც შეეხება მეურნეობის მოწყობა-გამართვაში გაწეულ ინვესტიციას, მანანა ანჯაფარიძე გვიყვება, რომ საწყისი კაპიტალი კერძო იყო, შემდეგ „დანერგე მომავლის“ პროგრამიდან 30 000 ლარამდე მიიღეს სარწყავი სისტემების მოწყობისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლეს და ჯამური ინვესტიცია კრედიტის სახით $300 000 იყო.
„საწყის ეტაპზე ჩვენი სახსრებით შევიძინეთ ნაკვეთი, გარკვეული ინვესტიცია გავწიეთ ინფრასტრუქტურისთვის, მერე ავიღეთ შეღავათიანი აგრო კრედიტი და „დანერგე მომავლის“ პროგრამა გამოვიყენეთ სარწყავი სისტემების მოსაწყობად. სარწყავი სისტემისთვის სრულად 30 000 ლარამდე დაგვჭირდა. შეღავათიანი აგროკრედიტი გაცილებით მეტი გვაქვს აღებული, ეს თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაგვჭირდა. ჯამური ინვესტიცია კრედიტის სახით $300 000-ია. ზოგადი ინვესტიცია დიდია“, – ამბობს მანანა ანჯაფარიძე.
შარშან 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 35 ტონა მარწყვი მიიღეს. მოსავლის აღებას ადრე გაზაფხულიდან, 15 აპრილიდან იწყებენ და გვიან შემოდგომას ამთავრებენ. „შარშან ერთ ჰექტარზე 35 ტონა მივიღეთ. წელს მეორე ჰექტარზე გავაშენეთ და გავმართეთ. შესაბამისად, ახლა ვგეგმავთ, რომ 2 ჰექტარზე მინიმუმ 70 ტონა მივიღოთ,“ – ამბობს „პლანტველის“ დამფუძნებელი.
„პლანტველი“ მარწყვს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის და ჯერჯერობით საექსპორტო გეგმები არ აქვს. ფასებს რაც შეეხება, შარშან 1 კგ-ს ფასი 20 ლარი იყო და, როგორც მეურნეობის დამფუძნებელი ამბობს, ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის.
„შარშან ჩვენი მარწყვის ფასი 20 ლარი იყო. ბიოა და შესაბამისად დანახარჯი დიდია – ყველაფერი ხელით ხდება, თანამშრომლების ხელფასი, გასაწევი სამუშაოების მოცულობა ძალიან დიდია. არ მგონია, რომ წელს ფასი გაიზარდოს. ჯერ ის რეალობაა, რაც შარშან იყო. ჩემი ვარაუდით ფასი არ გაიზრდება“, – ამბობს მანანა ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ