ინსტრუმენტი Ancient Earth ამის გაგებაში დაგეხმარებათ
სად ხართ ახლა გემრიელად მოკალათებული და მიირთმევთ ყავას ან ჩაის? შეიძლება, ზუსტად მანდ მილიონობით წლის წინ დინოზავრები დააბიჯებდნენ და წარმოდგენა არ ჰქონდათ, ერთხელაც თუ გადაშენდებოდნენ. ვინაიდან წარსულში ძიება ადამიანის თანდაყოლილი „ჰობია“, ამ ინტერესის დაკმაყოფილებაც გადაწყვიტეს — შექმნეს ინსტრუმენტი Ancient Earth, რომელიც იმის გაგებაში გვეხმარება, რა ხდებოდა დედამიწაზე 750 მილიონი წლის წინ.
სისტემა 26 განსხვავებულ ეპოქაში მოგზაურობს და მნიშვნელოვან პერიოდებზე გვიქმნის ვიზუალურ წარმოდგენას — მათ შორისაა გამყინვარების ხანა. ასევე, სიცოცხლის ევოლუციის ციკლებს ასახავს. ინსტრუმენტი Discord-ის უფროსმა ინჟინერმა, იან ვებსტერმა შექმნა და საკმაოდ მარტივად მოაწყო: ვებგვერდზე მიუთითებთ ნებისმიერ ქალაქს და ნახავთ, რა ხდებოდა იქ დინოზავრების პერიოდში.
უძველესი დედამიწა ვიზუალურად არის წარმოდგენილი, როგორც ინტერაქციული გლობუსი — წითელ ნიშნებზე დაწკაპუნების შემდეგ კი დინოზავრების სხვადასხვა სახეობაზე მიიღებთ ინფორმაციას. მაგალითად, მფრინავი ქვეწარმავალი, სახელად Pteranodon, ცხოვრობდა ჩრდილოეთ ამერიკაში 89,8 მილიონი წლის წინ. თანაც, დინოზავრების გარდა, თქვენ გაეცნობით პირველ მარჯნის რიფებს, ყვავილებს, ცხოველებს, პრიმატებს და ა. შ.
ვინაიდან ვებსტერის ინტერესები პალეოგრაფიისა და პალეონტოლოგიის ირგვლივ ტრიალებს, მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის უნარიც აქვს, შედეგი მართლაც ძალიან კარგია. ამჟამად იანის მიზანია, პლანეტის ისტორიის შესახებ მეცნიერული მონაცემები ხელმისაწვდომი და მიმზიდველი გახდეს ფართო აუდიტორიისთვის.