მწერლების ბარი დაიხურა

მწერლების ბარი დაიხურა – ამის შესახებ ინფორმაცია ბარის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„წელიწადნახევრიანი ოდისეა შეჩერდა. მაგრამ არ დასრულებულა.
21 მარტს გვქონდა ბოლო ღონისძიება და ამის შემდეგ მწერლების ბარი იძულებული გახდა დახურულიყო გაურკვეველი დროით.
გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ჩვენ დაგვიკავშირდა ჩვენი კოლეგა (ყოფილი მწერალი, ამჯერად – წვრილი საქმოსანი), რომელმაც შემოგვთავაზა შეხვედრა ქარვასლაში. შეხვედრაზე კი ითქვა, რომ მათ ძალიან სურდათ მწერლების ბარის ხილვა თავიანთ სივრცეში. თავიდან ჩვენი მხრიდან იყო უარი – სივრცე მოგვეწონა, მაგრამ ზედმეტად ბურჟუაზიულად გამოიყურებოდა არდისტული სახელის მქონე ბარისთვის. შემდეგ იმ ხალხმა, რომელიც ქარვასლის მეიჯარეა, შემოგვთავაზა მიმზიდველი პირობები, რასაც დავთანხმდით, თუმცა ეს პირობები ზუსტად ერთ თვეში დაარღვია და ახალი პირობები წამოგვიყენა. კერძოდ, ჩვენი გადასვლის მთავარი მოტივატორი იყო მოქნილი იჯარა, რაც გულისხმობდა შემოსავლის 15%-ს (და არა მოგებისას. ბარი არ მუშაობდა მოგებაზე, ეს თავიდანვე ავუხსენით და ბარის ონლაინ ბანკშიც შევახედეთ).გადასვლიდან 1 თვის თავზე კი მათ უცებ შეცვალეს რიტორიკა და გვითხრეს, რომ ვერ აუდიოდნენ შენობის გადასახადებს და მწერლების ბარის მწირი შემოსავალი მათთვის პრობლემა ხდებოდა, შესაბამისად, ჩვენგან მოითხოვეს მეტის გადახდა, რაც ფიზიკურად არ შეგვეძლო და არც ვიყავით ვალდებულები შეცვლილ პირობას დავთანხმებულიყავით.
ერთი რამ, რაც ნათელია, ისაა, რომ ზრდასრულმა ხალხმა ვერ შეძლო საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებლობის აღება და თავიანთივე შემოთავაზებული პირობის დაცვა. ჩვენ არ მივსულვართ მათთან და არ მოგვიხვევია ჩვენი პირობები, ისინი მოვიდნენ ჩვენთან და შემოგვთავაზეს თავიანთი პირობები, რომელთა შესრულებაზეც თავადვე თქვეს უარი.
მწერლების ბარი გაიხსნა 2022 წლის 21 ოქტომბერს. ის პირველივე დღიდან გახდა პოპულარული კულტურული სივრცე, სადაც ნებისმიერი შეხედულებისა და მრწამსის ადამიანი იყრიდა თავს, გაიმართა 400-დე ღონისძიება, რომელშიც მონაწილეოდნენ ცნობილი თუ დაწყები მწერლები, მხატვრები, გამომცემლობები, საელჩოები, ქართული და უცხოური კულტურის ცენტრები, ქართველი თუ უცხოელი არტისტები. მწერლების ბარი არასოდეს ყოფილა სტანდარტული ბიზნესი. მწერლების ბარი იმთავითვე კულტურული მიზიდულობის ცენტრად შეიქმნა, და ასეც რჩება: მწერლების ბარი იყო უკანასკნელი დიდი, თავისუფალი სალიტერატურო სივრცე, რომელიც ამწუთას გაჩერებულია (დროებით, მაგრამ მაინც).
მაგრამ – მწერლების ბარი არის იდეა და იდეას იოლად ვერავინ შეაფერხებს. სხვა დანარჩენი ტექნიკური საკითხია. ასე რომ, ეს შეფერხებაც დროებითია. გვაქვს მოლაპარაკებები კეთილსინდისიერ ხალხთან და ვფიქრობთ, რომ მალე დავბრუნდებით“, – წერია განცხადებაში.