ზამთრის სეზონი მთის კურორტებზე ოფიციალურად 20 დეკემბერს გაიხსნა და სულ მალე დასრულდება. სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები წლევანდელ სეზონს მეტ-ნაკლებად დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ მოლოდინი უფრო მეტად სკეპტიკური იყო, თუმცა იანვარი და თებერვალი 70%-100%-მდე, მარტი კი დაახლოებით 50%-მდე დატვირთული აღმოჩნდა.
Hotel Roshe Gudauri-ს მენეჯერის, მაია მურაჩაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ყველაზე მეტად დატვირთული ახალი წლის პერიოდი იყო. ჰოტელიერის თქმით, გასული წლის 27 დეკემბრიდან, მიმდინარე წლის 6 იანვრამდე გუდაურში ყველა სასტუმრო ნომერი გაყიდული იყო იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე გასულ წელს.
„გუდაურში სეზონის დაწყებამდე სასტუმრო ბიზნესი სკეპტიკურად იყო განწყობილი, რადგან კურორტზე ყველაზე აქტიური სეგმენტი ისრაელის მოქალაქეები იყვნენ, იქ განვითარებული საომარი მოქმედებებს შედეგად კი ტურისტულმა ნაკადებმა იკლო. თუმცა გუდაურმა შეძლო და ისრაელელი დამსვენებელი ევროპელი და აზიელი ტურისტით ჩაანაცვლა. ჩემი სასტუმროს ჭრილში შემიძლია გითხრათ, რომ გუდაურში დანია, ნიდერლანდები, გერმანია, პოლონეთი აქტიურად გამოჩნდა.
გუდაურში 2024 წლის ზამთრის სეზონი განსაკუთრებულად ადრე დაიწყო, 10-13 დეკემბრისთვის უკვე გაიხსნა სასტუმროები და განთავსების ობიექტები დეკემბრის დასაწყისიდანვე აქტიურად იჯავშნებოდა. ახალი წლის პერიოდში თითქმის ყველა განთავსების ობიექტი გადავსებული იყო. გარდა ამისა, კურორტზე ჩატარებულმა საერთაშორისო ღონისძიებებმა გუდაურის ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა.
იანვარში 50%-იან დატვირთულობას ველოდით, მაგრამ 70%-ით დატვირთული იყო. თებერვალი კი 100%-ით დატვირთული ვიყავით,“ – ამბობს მაია მურაჩაშვილი.
რაც შეეხება ფასებს, ჰოტელიერი ამბობს, რომ ფასები მსოფლიო სხვა მთის კურორტებზე უფრო მეტად არის გაძვირებული ვიდრე საქართველოში, თუმცა მაგალითად გუდაურში თებერვალში შარშანდელთან შედარებით მცირედი ზრდა მაინც დაფიქსირდა.
„წლევანდელ სეზონზე, მაგალითად თებერვალში შარშანდელ ნიშნულთან შედარებით გაძვირება დაფიქსირდა. თუმცა ბულგარეთში მდებარე სათხილამურო კურორტები ბევრად გაძვირებულია და შედარებით უფრო კარგი ფასები ჰქონდა გუდაურს, თუ შევადარებთ მსგავს კურორტებს. ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი გაზრდილი ხარჯია. ელექტრო ენერგია, პროდუქტი, გადასახადები და თანამშრომლების ხელფასები გაზრდილია. მაგალითად, ხელფასები წელს დაახლოებით 50%-მდე არის მომატებული. სხვა შემთხვევაში იმ ადგილას სადაც მოსახლეობა არ არის, კადრს ვერ შეინარჩუნებ“, – განმარტავს მაია მურაჩაშვილი.