“რა მომყავს? სად მაქვს გაყიდვის შანსი?” – გიორგი გუდაბანძის რჩევები ექსპორტიორებს

აგროკომპანია “მკისა” ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ ექსპორტის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გუდაბანძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროდუქტის საექსპორტო წარმატებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, ადგილობრივი ბაზრის ათვისებაა. “მკისას” გადამუშავებული ნუშია და ლურჯი მოცვის შეძენა ორბელიანზე, მათ ბრენდულ მაღაზიაშია შესაძლებელი და მალე ქსელურ მარკეტებში გამოჩნდება.
“რჩევის სახით ვიტყვი, რომ ჩვენი ერთადერთი მიზანი ეს იყო: საქართველოში წარმოებული პროდუქტი, მიუხედავად იმისა, რომ ის ექსპორტზეა ორიენტირებული, აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს ბაზარზეც წარმოდგენილი და ადგილობრივი მომხმარებელი უნდა იცნობდეს მას. მხოლოდ საექსპორტო ბაზრებზე ორიენტირება არ მიმაჩნია სწორად. შესაძლოა, ციფრები, რომლებსაც ადგილობრივი ბაზარი გვთავაზობს, არ იყოს ისეთი მიმზიდველი, მაგრამ მომხმარებელს უნდა ჰქონდეს არჩევანი, იყიდოს და დააგემოვნოს შენი პროდუქცია – სწორედ ესაა ბიზნესის პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.
ევროპის ნებისმიერ საცალო ქსელში, მაგალითად, Lidl-ში რომ მინდოდეს ჩემი პროდუქტის განთავსება, ძალიან ლოგიკური მგონია, რომ მათმა მენეჯმენტმა შეამოწმოს და მკითხოს, არის თუ არა ჩემი პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი და, თუ ჩემი პასუხი არის “არა”, ეს ჩემს რეპუტაციაზე, არ მგონია, კარგად აისახოს”, – აღნიშნავს გიორგი გუდაბანძე.
“მკსისას” კომერციული დირექტორი განმარტავს, რომ ვიდრე კომპანია პროდუქტის რეალიზაციაზე დაიწყებს ფიქრს, მან ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი უნდა განსაზღვროს და შეისწავლოს.
“პირველ რიგში, ეს წარმოების სწავლაა. უნდა გვესმოდეს, როგორ ავითვისოთ ჩვენი წარმადობა სრულად და ეფექტიანად. მაგალითად, როდესაც ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება დავიწყეთ საქართველოში, მოლოდინები გადაჭარბებული იყო. ერთ ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობა, არ მგონია, რომ მაღალია და ეს ყველაფერი აგრონომიულ ცოდნას საჭიროებს, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ წარმადობა, რისი შანსიც გვაქვს.
მეორე რიგში, აუცილებელია სწორი სტრატეგიული დაგეგმარება. რა მომყავს? სად მაქვს მისი გაყიდვის შანსი? – ნუშის მიმართულება რომ ავიღოთ, თუ ჩემი სამიზნე ბაზრად ესპანეთი მაქვს იდენტიფიცირებული, უკვე შეცდომას ვუშვებ, რადგან იქ კონკურენტული არ ვარ და უკვე შუა პროცესში მიწევს სხვა ბაზარზე გადაწყობა”, – განმარტავს “მკისას” კომერციული დირექტორი.
“მკისა” ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. კომპანია საქართველოს მასშტაბით, კერძოდ, ბოლნისში, წყალტუბოსა და ხობში ნუშისა და ლურჯი მოცვის ბაღებს ფლობს, გადამუშავებულ ნედლეულს კი ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. გუდაბანძეს განმარტებით, “მკისა” საერთაშორისო გამოფენებში იღებს მონაწილეობას და ევროპისა და გალფის ქვეყნებში ექსპორტისთვის კომპანია უკვე მზადაა.

ასევე დაგაინტერესებთ