თურქული სერიალები შესაძლოა ჩინეთშიც გაიყიდოს

თურქული სატელევიზიო სერიალები, რომლებიც ყოველწლიურად 170-მდე ქვეყანაში გადის ექსპორტზე, შესაძლოა მალე ჩინეთის ბაზარზეც გამოჩნდეს.
ამის შესახებ „ანადოლუსთან“ ინტერვიუში მომსახურების ექსპორტიორთა ასოციაციის გართობისა და კულტურული სერვისების კომიტეტის თავმჯდომარემ ფატიჰ აქსოიმ განაცხადა.
მისი თქმით, თურქული სერიალები არა მხოლოდ ტურიზმის ზრდას, არამედ სხვა სექტორების განვითარებასაც უწყობს ხელს.
მან აღნიშნა, რომ თურქულ სერიალებზე დღეს დიდი მოთხოვნაა ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, აფრიკის კონტინენტზე, აზიაში, რუსეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში.
„თურქულ სერიალს შეუძლია მიაღწიოს 800 მილიონ მაყურებელს მთელს მსოფლიოში. უნდა ითქვას, რომ სერიალები სეზონურად იყიდება. ექსპორტის მოცულობა ასევე განსხვავდება ქვეყნისა და პროექტის მიხედვით. არის ექსპორტირებული 100 ათას დოლარადაც და არის 300 ათასი დოლარადაც…
მე მჯერა, რომ სერიალებს „დიდებული საუკუნე“ და „აკრძალული ხილი“ ყველაზე დიდი შემოსავალი მოაქვთ, ეპიზოდების სიმრავლისა და მასიური გაყიდვების გამო. როდესაც სერიალი დიდი რაოდენობით ეპიზოდებით იყიდება, სერიოზული შემოსავალი მიიღწევა.
თურქული სერიალების შემდეგი მიზანი ჩინეთის ბაზარზე გასვლაა, რაც ნიშნავს, რომ წარმატება იქაც იქნება მიღწეული“, – აღნიშნა აქსოიმ.
მისი თქმით, ამერიკული ფილმები და სერიალები უფრო დიდი რაოდენობით იყიდება, თუმცა თურქული სერიალები მათზე მეტად პოპულარულია მსოფლიოში.
„თურქეთი გახდა ქვეყანა, რომელიც მთელ მსოფლიოს აიძულებს უყუროს მის სერიალებს“, – განაცხადა ფატიჰ აქსოიმ.