„მთავარი არ არის რა ეღირება 1 დოლარი, 3 ლარი თუ 10 ლარი, მთავარია სტაბილურობა“ – ირაკლი ერაძე

„ბოლო 2-3 წელია რაც ლარს სეზონურობა ნაკლებად ახასიათებს. ლარის კურსზე საუბრისას აუცილებელია გვქონდეს ყოვლისმომცველი ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, ამიტომ ჯერჯერობით ლარის გაუფასურების კონკრეტულ მიზეზზე საუბარი რთულია. ფაქტია, რომ არსებობდა კონკრეტული მიზეზები, რის გამოც ლარის კურსმა რყევა დაიწყო. მათ შორის შესაძლოა ყოფილიყო რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებიც. რეფინანსირების განაკვეთის შემცირება არა პირდაპირ, მაგრამ მაინც მოქმედებს ლარის კურსზე თუმცა, რა დოზით მოახდინა გავლენა ამან, ამაზე საუბარი სრული ინფორმაციის არსებობამდე გაჭირდება“, – ამის შესახებ ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ეროვნული ვალუტის კურსზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ვალუტის კურსის ცვლილებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. მათ შორის რეფინანსირების განაკვეთი, ექსპორტის მაჩვენებელი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, უცხოური ვალუტის ოდენობა ბაზარზე და მოლოდინები.
„კურსის ცვლილებაზე, რა თმა უნდა, მოქმედებს ის, რომ ბაზრიდან მოხდა დოლარის ამოღება, შესაბამისად მასზე გაიზარდა მოთხოვნა. თუმცა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ოდენობით იქნა ამოღებული დოლარი. გარდა ამისა, კურსზე მოქმედებს ექსპორტის მაჩვენებელიც, ასევე ტურისტების მიერ დახარჯული თანხები და სხვა ფაქტორები.
როდესაც ხდება ლარის მყისიერი გაუფასურება, ამ დროს მოქალაქეებშიც და ბიზნესშიც ირთვება მოლოდინების ფაქტორი. ყველა მოელის, რომ ხვალ შესაძლოა კიდევ უფრო გაუფასურდეს ლარი, შესაბამისად, ახდენენ ვალუტის გადახურდავებას, რაც კიდევ დამატებით ზეწოლას ახდენს კურსზე.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმაც და მოქალაქეებმაც ეს გაითვალისწინონ და თუ კონკრეტული ოპერაციისთვის არ სჭირდებათ უცხოური ვალუტის შეძენა, ამას თავი აარიდონ.
ასეთ დროს ეროვნულ ბანკს მოეთხოვება, რომ მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს მოქალაქეებთანაც და ბიზნესთანაც და დაამშვიდოს ბაზარი. რაც შეეხება დედოლარიზაციას, ამას მე დადებითად ვაფასებ. ჩვენი ეკონომიკის მდგრადობისთვის დედოლარიზაცია საჭიროა იმ მომენტამდე, სანამ ევროზონის სავაჭრო სივრცის წევრები ვიქნებით“, – აღნიშნა ფინანსისტმა.
როგორც მან განმარტა, უახლოეს პერიოდში ლარის მკვეთრი გაუფასურება მოსალოდნელი აღარ არის და ის გარკვეულწილად სტაბილურ ნიშნულს მიაღწევს.
„რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას, მე ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა ის წილი, რომლითაც იქნა შემცირებული, ორად გაყოფილიყო და გარკვეული პაუზის შემდეგ კიდევ შემცირებულიყო. წელს უკვე მეტად შემცირებას აღარ ველოდები, რადგან ის ლიმიტი რომლითაც შესაძლებელი იყო ცვლილება, უკვე ერთი ბიჯით იქნა მიღწეული.
ჩემი მოლოდინით უახლოეს პერიოდში ლარის დიდი ნიშნულით გაუფასურება მოსალოდნელი არ არის. ვფიქრობ, მალევე ლარი მიაღწევს სტაბილურ კურსს და ის შენარჩუნდება. მთავარი არ არის რა ეღირება დოლარი 3 ლარი თუ 10 ლარი, მთავარია სტაბილურობა, რაც თავისთავად, მნიშვნელოვანია ეკონომიკის მდგრადობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ერაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ