სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძესთან ერევანში გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოსთან საზღვრის დემარკაციის საკითხი განიხილეს.
“დღეს ჩემს კოლეგასთან მქონდა საშუალება განგვეხილა შესაძლო და აუცილებელი ნაბიჯები ამ ერთობლივი დეკლარაციის პრაქტიკული რეალიზაციისთვის. ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო აღიარება ამ დეკლარაციის მნიშვნელოვანი ელემენტია. დღეს ასევე განვიხილეთ სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დემარკაციის პროცესის დაწყების შესაძლებლობა.” – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა.
იანვარში, თბილისში სომხეთსა და საქართველოს შრის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათშორისო კომისიის მე-13 შეხვედრაზე ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ფაშინიანის თქმით, ეს განსაზღვრავს ორმხრივი ურთიერთობის სამომავლო განვითარების ამბიციურ პერსპექტივას.
ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანის მუქარის ფონზე, სომხეთმა საკუთარ საზღვრებზე დემარკაციისა და დელიმიტაციის სამუშაოების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
ბაქო სომხეთისგან ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ დააბრუნონ 4 სოფელი, რომლებიც ტავუშისა და ყაზახის პროვინციების საზღვარზე მდებარეობს. ფაშინიანის თქმით, 4 სოფელი, რომელსაც აზერბაიჯანი ითხოვს: ბაღანის-აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი 1991 წლის ალმა-ატის პროტოკოლის მიხედვით, დე იურედ სომხეთის ტერიტორიას არ წარმოადგენს.
ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა ამ რეგიონში მცხოვრებებსაც და მათთან საუბრისას აღნიშნა, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია შესაძლოა სწორედ ტავუშის პროვინციიდან დაიწყოს.
“ვხედავთ, რომ შესაძლებელია დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დაწყების რეალიზება ამ ნაწილიდან, ბაღანისიდან ბერქაბერამდე. ჩვენი პოლიტიკა არის ომის დაუშვებლობა, არ უნდა დავუშვათ ომის დაწყება. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების კორექტირება ამ რეგიონებში. ამას ვაკეთებთ არა მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკისთვის, არამედ კონკრეტულად სოფელი ვოსკეპარისთვის, სოფელი კირანცისთვის, რათა უზრუნველვყოთ ამ სოფლების უსაფრთხოება.” – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა 19 მარტს, ტავუშის მცხოვრებლებთან შეხვედრის დროს.