„არ არის გამორიცხული, კავკასიის რეგიონი იქცეს ტერორისტების სამიზნედ და სამწუხაროდ, საქართველოც“ – რას გვიყვება ვახტანგ მაისაია

ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, ვახტანგ მაისაია.
– ბატონო ვახტანგ, მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო „ისლამურმა სახელმწიფომ“, მაგრამ ს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი უკრაინულ კვალზე მიანიშნებს. მინიმიუმ, იმას ამბობენ, რომ ტერორისტებს რუსეთი უკრაინის გავლით უნდა დაეტოვებინათ და იქ ჰყავდათ პატრონები, რომლებიც ამას უზრუნველყოფდნენ.
– ეს კრემლის მანიაკალური ახირებაა და სხვა არაფერი. ყველა ინფიკატორი და მტკიცებულება, რაც დღემდე გამოძიებამ მოიპოვა იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ტერქტი იყო „ისლამური სახელმწიფოს“ – „დაეშის“ ჩადენილი. „დაეშმა“ საკუთარ თავზე აიღო ეს ტერაქტი და მეტი მტკიცებულება რაღა უნდათ? ცალსხად და სამწუხაროდ, ეს იყო „დაეშის“ კარგად დაგეგმილი და ოსტატურად შესრულებული ტერორისტული აქტი, რომლის მსგავსი მათ არაერთხელ ჩაუდენიათ. ტერაქტის უკიდურესი ფორმა სწორედ მის ხელწერაზე მიანიშნებს. თან, როგორც ჩანს, „დაეშმა“ არათუ მომხდარ ტერაქტს გაუკეთა ორგანიზება, რუსეთის ფედერაციაში გააგზავნა რამდენიმე ჯგუფი და მათგან ერთის გარდა, ყველა იყო სატყუარა. რუსეთის სპეცსამსახურებმა როდესაც ჩათვალეს, რომ მათ აღკვეთეს „დაეშის“ მიერ დაგეგმილი ტერაქტები, ამის შემდეგ მოხდა მოსკოვში დიდი ტერაქტი. რუსეთის რამდენიმე ქალაქში დააკავეს ანალოგიური ტიპის ჯგუფები, რომელთაც მოსკოვის ტერაქტი მოაწყეს. ასევე, 3 მარტს, ინგუშეთში, ყარაბულაყის რაიონში იყო შეიარაღებული შეტაკებები, რუსეთის ანტიტერორისტულმა სამსახურის სპეცრაზმმა დახოცა „ბოევიკები“ და როგორც რუსეთის უსფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, ოთხივე მოკლული იყო „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტი. მოკლედ, რუსულ სპეცსამსახურებს ეგონათ, რომ ამ ეტაპზე ტერაქტის საფრთხე აირიდეს და ამ დროს, მთავარი ტერაქტი „დაეშმა“ მოსკოვში განახორციელა. ტერორისტები დაკავეს რუსეთ–უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ ბრიანსკში. კი, გასაგებია, რომ უკრაინის ტერიტორიის გავლით აპირებდნენ სამშვიდობოს გასვლას. ეს იმით აიხსნება, რომ ქვეყანაში, სადაც ომი და ბევრად უკონტროლი სიტუაციაა, უფრო იოლია თავის შეფარება და იქიდან გასვლა. ერთი მომენტიც არის. ტერორისტები რომ ვერ დაეკავებინათ რუსეთის სპეცსამსახურებს, მათ უკრაინის გავლით გაეღწიათ, რუსეთის ხელისუფლება ამას შეიტყობდა თუ არა, ყველა ვარიანტში მაშინვე იტყოდა, რომ ტერორისტები ში ჩავიდნენ და იქიდან აორთქლდნენ. ეს „დაეშს“ ნებისმიერ შემთხვევაში აწყობს, რაც მეტად დაიძაბება რუსეთ–უკრაინის ურთიერთობა, მათვის უკეთესია, რადგან ორივე სახელმწიფოს მტრად თვლიან. მეტად რაღა უნდა დაიძაბოს ურთიერთობა, როცა ერთმანეთთან ომობენ, მაგრამ ასეთი დეტალები ომს მეტ აგრესიას მატებს.
– ამერიკის ხელისუფლებამ თითქმის ერთი თვის წინ განაცხადა, რომ მოსკოვში ტერაქტებია მოსალოდნელი, საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, მოსკოვში არ ჩასულიყვნენ და ასევე, გააფრთხილა რუსეთის მოქალაქეებიც. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია სანდოდ არ მიიღო და შეცდა კიდეც.
– კი, ბატონო, 7 მარტს გაკეთდა ეს განცხადება ამერიკის მხრიდან, რუსეთის ხელისუფლებამ არ გამოთქვა სურვილი, ამ მიმართულებით ეთანამშრომლა ამერიკულ სპეცსამსხურებთან და როგორც აღმოჩნდა, ამით ფატალური შეცდომაც დაუშვა. მეტიც, ამერიკის ხელისუფლების ამ განცხადებას პროვოკაცია და არასანდო უწოდა, რაც მისი მხრიდან, როგორც ახლა გაირკვა, სრული სიბრიყვე იყო. აქ მნიშვნელოვანი მომენტია. როგორ აღმოჩნდა ტერორისტების ხელში თანამედროვე რუსული საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღი „აკა–12“, რომელიც მხოლოდ რუსულ საბრძოლო დაჯგუფებებს და შენაერთებს გააჩნიათ? ისიც საინტერესოა, როგორ დატოვეს ტერორისტებმა მოსკოვი, როგორ ჩააღწიეს ბრიანსკში, თითქმის 300 კილომეტრამდე მანძილი გაიარეს, როდესაც ტერაქტიდან 1 საათში მე–5 დონის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მოსკოვში და მომენტალურად გადაკეტეს მთელი ქალაქი? კიდევ ბევრი ნიუნსია გასარკვევი.
– არის მოსაზრება, რომ რუსეთის უკრაინისკენ იმიტომ იშვერს ხელს და მინიმუმ, ტერაქტის თანამონაწილედ სურს მისი წარმოჩენა, რომ საყოველთაო არა, მაგრამ ნაწილობრივი გაწვევა მოახდინოს, მინიმუმ, 300 ათასი კაცისა, რადგან სამხედრო გეგმის მიხედვით, რუსეთს სურს ხარკოვს ალყა შემოარტყას და ასე აიღოს ეს ქალაქი. ამდენი დამატებითი ცოცხალი ძალა არ ჰყავს და აღარც მოხალისეები მიდიან ომში. ამ ტერაქტის ნაწილობრივ უკრაინისთვის გადაბრალება კი რუსეთის ხელისუფლებას საფუძველს მისცემს, ისევ გამოაცხადოს ნაწილობრივი მობილიზაცია. რამდენად სანდო ვერსიაა?
– პუტინისთვის მნიშვნელოვანი იყო ჩაეტარებინა ე.წ. , კიდევ 6 წლით გამხდარიყო პრეზიდენტი და მიეღო ლეგიტიმაცია. მან ეს მისია შეასრულა. პუტინს ხელ–ფეხი უკვე გახსნილი აქვს. ის ნებისმიერ ტრაგედიას გამოიყენებს სათავისოდ, უკრაინის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ. გეხსომებათ, ვოლგოგრადსა და მოსკოვში საცხოვრებელი სახლების აფეთქება, რომლებიც „ეფესბეს“ მოწყობილი იყო და ჩეჩნებს დააბრალეს, ასევე, ბესლანის ტრაგედია გამოიყენა ჩეჩნეთში შესაჭრელად. ცხადია, პუტინი ახლაც არ იტყვის უარს, რომ ეს ტრაგედია გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ, ეს ნაწილობრივი მობილიზაცია იქნება თუ სხვა რამ. ეს ტერაქტი მასშტაბებით იყო „ნორდ ოსტის“ ტერაქტის მასშტაბისა, მსხვილი ტერაქტი იყო. საინტერესოა, რომ „ნორდ ოსტის“ ტერაქტისგან განსხვავებით, ტერორისტებმა ამჯერად არ აიყვანეს მძევლები, არ ჰქონდათ პოლიტიკური ან სხვა მოთხოვნები. ხალხი დახოცეს და დაწვეს საკონცერტო დარბაზი, რაც კლასიკური ტერორისტული ქმედებაა. ეს იყო დაბრძოლო დაშინების აქტი. სხვათაშორის, ეს ტერაქტი ძალიან ჰგავდა პარიზის 2015 წლის ტერაქტს, ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაში რომ განახორციელეს. ამის გარდა, ერთი ტერაქტი კაფეში განახორციელეს და ასევე, საკონცერტო დარბაზში სროლით შეიჭრნენ და ხალხი დახოცეს. ისიც „დაეშის“ ხელწერა და მათი გაკეთებული იყო. მაშინაც „დაეშმა“ 3 ჯგუფი გაწირა, სატყუარებად გამოიყენა და ამ დროს მეოთხე ჯგუფმა 3 ტერაქტი მოაწყო პარიზში.
– რა გაგრძელება მოჰყვება ამ ყველაფერს?
– ვფიქრობ, „დაეში“ გააქტიურდება მთელ პოსტაბჭოთა სივრცეში, მათი აქტიურობა გაიზრდება. არც ის არის გამორიცხული, კავკასიის რეგიონი იქცეს ტერორისტების სამიზნედ და სამწუხაროდ, საქართველოც. ჩვენ ძალიან ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვიყოთ. ჩანს, რომ „დაეშს“ აქვს კარგად გათვილი სტრატეგია, ეფეტურად მოქმედებენ და ჩვენს რეგიონში, საქართველოში ტერაქტების თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია ამერიკასთან და ევროპის იმ ქვეყნებთან მჭიდრო, კოორდინირებული თანამშრომლობა, რომელთაც ძლიერი კონტრტერორისტული სპეცსამსახურები ჰყავთ და ტერორიზმთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვთ. სხვაგვარად, მიმძიმს თქმა, მაგრამ ჩვენ ტერორისტულ საფრთხეებს ვერ გავუმკლავდებით.
– თუ უკრაინის კონტექტში განვიხილავთ ამ ტერაქტს, გამოდის, ის პუტინს, რუსეთის ხელისუფალთ აწყობდათ. 100 და 150 ადამიანის სიკვდილი დიდად არ ანაღვლებთ, თუ ეს მსხვერპლი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად გამოადგებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ტერაქტმა რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი და უკრაინის საწინააღდეგოდ იმუშავა.
– რა თქმა უნდა, ასეა. პუტინმა უკვე განაცხადა, რომ ტერორისტებს მზად ქონდათ ფარჯარა უკრაინაში, რათა სამშვიდობოს გასულიყვნენ. რუსეთის ძალოვანი უწყებების ყველა ხელმძღვანელი, ვინც კი კომენტარი გააკეთა ამ საკითხზე, ყველა უკრაინას ახსენებს ტერაქტთან მიმართებაში. რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რომ მოძებნოს კავშირი „დაეშსა“ და უკრაინის ხელისუფლებას შორის და თქვენც კარგად იცით, ამ კავშირს აღმოაჩენს. ცხადია, ეს დიდი სისულელე იქნება, მაგრამ რუსეთში დაიჯერებენ, ამაზე უარესი ზღაპრები დაუჯერებია რუს ხალხს, თუნდაც მოსკოვსა და ვოლგოგრადში ვითომ ჩეჩნენის მიერ მოწყობილი ტერაქტები. რუსული პროპაგანდა უკვე აქტიურად და მეთოდურად მუშაობს, რომ ტერორისტები უკრაინის ხელისუფლებას დაუკავშიროს, მათ ხელშემწყობად დაასახელოს. უნდა ველოდოთ, ბოლოს იტყვიან, რომ ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. უკრაინელებს ტერორისტული აქტების მოწყობა რომ სურდეს რუსეთის ტერიტორიაზე, ამას „დაეშის“ გარეშე მოახერხებდნენ. კრემლის თავზე დრონით ბომბი ჩამოაგდეს და ტერაქტის დაგეგმვა–განხორციელებასაც შესძლებნენ, მაგრამ ეს მათთვის მიუღებელია. დივერსიულ აქტებს მიმართავენ უკრაინელები და ეს ომის ნაწილია, მაგრამ არა ტერაქტებს. ამ მხრივ არც რუსები რჩებიან ვალში უკრაინელებს. სიტუაცია საკმაოდ რთულია. „დაეშმა“ დააფიქსირა, რომ ის არსად წასულა, არ განადგურებულა და არ დანებებულა, როგორც რუსეთის და სხვა ქვეყნების მეთაურები გვიმტკიებდნენ და მას კვლავ შეუძლია შეასრულოს მაღალი დონის სამხედრო–ტერორისტული ქმედებები.

ასევე დაგაინტერესებთ