პარლამენტარი რომნა გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ყველაფრის თავი და თავი ისაა, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის თერთმეტი წლის განმავლობაში ეკონომიკა საშუალოდ წლიურად გაიზარდა მხოლოდ 4,5 პროცენტით. ამ ზრდიდან ნაღებს სახელისუფლო კლანი და მასთან დაკავშირებული ბიზნესი იღებდა. სწორედ ამის მიზეზია სიღარიბე, უმუშევრობა, ფასების ზრდა, უკიდურესად დაბალი შემოსავლები, მიგრაცია და სიკვდილიანობის მატება შობადობაზე.
აღნიშნული პრობლემების გადასაფარავად ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მიმართავს პროპაგანდის სხვადასხვა უზნეო ხერხებს. არაფერი გამოსდის. დღეს, აგერ საკონსტიტუციო ცვლილებები დაარეგისტრირეს ე. წ. ტრადიციულ ღირებულებათა დაცვის შესახებ. თანაც ისეთი რამ ჩაწერეს, რომლის მსგავსი არა თუ დემოკრატიული, არამედ ნახევრადდემოკრატიული ქვეყნების კონსტიტუციებშიაც კი ვერ მოიძებნება და რომელიც გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვებს ეხება.
მიუხედავად იმისა, რომ “ქართულ ოცნებას” არა აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ოპოზიცია კი მსგავს ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, შეგნებულად აინიცირებს აღნიშნულ კანონპროექტს, რათა ოპოზიციას ბრალი დასდოს ე. წ. ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერაში და ტრადიციული ღირებულებების უგულველყოფაში.
ამორალური კამპანია წამოიწყო ქართულმა ოცნებამ. უნდა დაისაჯოს ეს პრორუსული პარტია იმ ზიანის გამო, რომელი მიადგა ქვეყანას და ხალხს მისი მმართელობის განმავლობაში.“