თებერვალში, საბანკო კრედიტების მოცულობა 354 მილიონი ლარით გაიზარდა და ბანკების მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 52.2 მილიარდ ლარს მიაღწია.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში საბანკო კრედიტების მოცულობა გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.09%-ით გაიზარდა. ამასთან, კრედიტების შემადგენლობაში 403 მილიონი ლარით გაიზარდა ლარის სესხები, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული კრედიტების ნაშთი 49 მილიონი ლარით შემცირდა.
თებერვალში 0.40 პროცენტული პუნქტით გაიზარდა სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი და ის 55.7%-ს შეადგენს.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.64 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.98%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 14.46 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.35%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.26%-ით მეტი).
2024 წლის თებერვლის განმავლობაში 0.82%-ით, ანუ 222.80 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თებერვლის ბოლოსათვის 27.38 მლრდ ლარი შეადგინა.