„მინდა ვიცოცხლო“ – ამ სლოგანით ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრები და ონკოპაციენტების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს შეიკრიბნენ

„მინდა ვიცოცხლო“ – ამ სლოგანით ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრები და ონკოპაციენტების ნაწილი თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროს შეიკრიბნენ, სადაც ონკოპაციენტების ჯანმრთელობის უფლების დასაცავად მიმართული მოთხოვნები კიდევ ერთხელ საჯაროდ გააჟღერეს.
ისინი ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ს მოუწოდებენ, რომ ონკოპაციენტებს შეხვდეს.
ონკოპაციენტების განმარტებით, ძირითადი ცვლილებების გატარების მოთხოვნა კვლავ ძალაშია. კერძოდ, ისინი მკურნალობისთვის გამოყოფილი 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაუქმებას და ონკოპაციენტების სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტის აღმოფხვრას მოითხოვენ.
ონკოპაციენტების თქმით, სამკურნალოდ გამოყოფილი 25 ათას ლარიანი ლიმიტი არასაკმარისია.
„ჩვენ დღეს შევიტანეთ განცხადება მიხეილ სარჯველაძის სახელზე. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია. ჩვენ ონკოპაციენტებისთვის ლიმიტის მოხსნას ვითხოვთ, ასევე, მედიკამენტების დამატებას დაფინანსების პროგრამაში. გარდა ამისა, ინდივიდუალურ მიდგომას ვითხოვთ. გათვალისწინებული უნდა იყოს ონკოპაციენტების მდგომარეობა და ამ ადამიანებს თვეობით არ უწევდეთ უწამლოდ და დაფინანსების გარეშე ლოდინი. ასევე, ჩვენ ვითხოვთ მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას გადადგომას, რადგანაც მან მოგვატყუა წინა შეხვედრაზე, 12 მარტს და გვითხრა, რომ დეფიციტი მოხსნილი იქნებოდა. დღეის მონაცემებით, 25 მარტსაც კი ჩვენ ქვეყანაში დეფიციტი გვაქვს, უკვე ამ კვირაში ჩვენ დავკარგეთ რამდენიმე ადამიანი წამლის დეფიციტის და დაფინანსების დაგვიანების გამო. სწორედ, ამიტომ ჩვენს განცხადებაში, ასევე, ვაცნობეთ მინისტრს, რომ თუ 8 აპრილამდე ჩვენი რომელიმე მოთხოვნა მაინც არ დაკმაყოფილდება ( ჩვენ სასწრაფოდ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვითხოვთ), მაშინ ჩვენ გადავალთ უკვე კანცელარიასთან და საქართველოს მთავრობას ჩვენს ხმას გავაგონებთ, მთავრობის ადმინისტრაციასთან 24-საათიან პროტესტს დავიწყებთ“, – აღნიშნა ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის” წევრმა, გვანცა აფხაიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ