ოდესასა და ნიკოლაევზე დრონებით თავდასხმა იყო

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს უკრაინის ოდესის და ნიკოლაევის ოლქებს. თავდასხმის გამო საჰაერო განგაში 25 მარტს, შუაღამის შემდეგ გამოცხადდა. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.
უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ოდესის და ნიკოლაევის ოლქებში 4-4 დრონი ჩამოაგდეს. უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილმა სამიზნეებამდე მიაღწია. სარდლობის მონაცემებით, ნიკოლაევის ოლქში დრონი მოხვდა ენერგეტიკულ ობიექტს, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. ერთ-ერთი მოგერიებული აპარატის ჩამოვარდნის შედეგად დაინგრა ერთი ორსართულიანი სახლი და რამდენიმე დაზიანდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 11 ადამიანი.
უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის სარდლობის ცნობითვე, ოდესის ოლქში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებმა დააზიანა ენერგეტიკული ობიექტი. ქალაქ ოდესის ცენტრს და მიმდებარე რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
22 მარტს რუსეთმა რაკეტებით და დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე, მათ შორის ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე „დნეპროჰესზე“.
უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგოს“ ხელმძღვანელმა, ვოლოდიმირ კუდრიცკიმ განაცხადა, რომ ეს ომის დაწყების შემდეგ ენერგოსისტემაზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.