ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ლაივში მშვიდობის მნიშვნელობაზე და მისი პარტიის იმ ხედვებზე საუბრობს, რომლითაც, მისი აზრით, მშვიდობის მიღწევაა შესაძლებელი.
ჩერგოლეიშვილის თქმით, საზოგადოებაში ომის შიში აბსოლუტურად რაციონალურია, თუმცა მნიშვნელოვანია, ქართული ოცნებისა და რუსეთის ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე, ამ შიშის მართვა მოხდეს, ამისთვის კი ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა სწორი პოლიტიკური მესიჯების გასავრცელებლად დისკუსია უნდა დაიწყონ.
“ჩვენ, ევროპული საქართველო, ამოვდივართ იმ პრინციპიდან, რომ შენ თუ გინდა, გქონდეს მშვიდობა, მზად უნდა იყო ომისთვის. რას ნიშნავს ეს ომისთვის მზადყოფნა? ომისთვის მზადყოფნა ნიშნავს იმას, რომ იყო იმდენად მზად, რომ შენთან ომი არავის მოუნდეს. ის კი არა, რომ პუტინის ნებაზე იყოს დამოკიდებული დაგარტყამს თუ ძირგამომთხრელი საქმიანობით “მოგიგვარებს” – უბრალოდ ვერ გეკარებოდეს იმიტომ, რომ შენთან მოკარება დიდი ფასი დაუჯდება.
ეს როგორ შეიძლება გამოვიდეს? ჩვენ როგორი არმიაც არ უნდა გვყავდეს, როგორ კარგადაც არ უნდა გავწვრთნათ და ცაც როგორც არ უნდა ჩავკეტოთ, ძალიან რთული იქნება ჩვენთვის, ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის არმიასთან გამკლავება. ერთადერთი გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია, რომ ჩვენ რეალური მშვიდობა მოვიპოვოთ, არის ის, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ანუ დასავლეთის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ შევიდეთ.
ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი და რამდენმა სკეპტიკოსმაც არ უნდა იარსებოს ევროპაში, რომელიც შენ NATO-სკენ გზას დაგიბლოკავს, გადაგიდებს ან გაგიჭიანურებს, ასე ახლოს ჩვენ ისტორიულ ამოცანასთან არასოდეს ვყოფილვართ, ამდენჯერ, ამდენი მაღალი რანგის დასავლელ პოლიტიკურ ლიდერს არ უთქვამს, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და ჩვენ არ გვაქვს უბრალოდ უფლება, რომ არ გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რომ თუ ვინმეს NATO-ში არ ვუნდივართ, იმას არ გადავაფიქრებინოთ და მოვანდომოთ, რომ ჩვენ NATO-ს წევრები გავხდეთ. არა იმიტომ, რომ კარგები არიან ისინი, ან ჩვენ უნდა მოგვეწონოს მათი გაკეთებული ყველაფერი ან რაღაც ავტორიტეტები არიან, არა, უბრალოდ ჩვენი უსაფრთხოებისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი”. – ამბობს ჩერგოლეიშვილი.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი პასუხობს მოსაზრებასაც, რომ თუ NATO საქართველოს მიღებას გადაწყვეტს, რუსეთი ომს დაიწყებს.
“სინამდვილეში, ეს არის პირიქით. ნეტავ გადაწყვიტოს, საერთოდ ვეღარ დაგიწყებს ვერაფერს. რა წუთშიც რუსეთი რეალურად დაინახავს, რომ NATO სერიოზულად ფიქრობს საქართველოს მიღებას, ეს პროცესი დაძრულია და საქართველო NATO-ს წევრი აუცილებლად გახდება, რუსეთი რომ ომს არ დაიწყებს, ამას გეტყვით პირველ რიგში ბაზარი, იმიტომ, რომ ქართული ეკონომიკის ფასი დაიწყებს გაზრდას, საქართველოში ინვესტიციები დაიწყებს შემოდინებას. ეს ძალიან დიდი რაღაც არის, როდესაც შენ უსაფრთხოების გარანტიები გეზრდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან რეალურად”. – ამბობს ჩერგოლეიშვილი.