„ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ძალიან მნიშვნელოვანი რუკები ჩამოიტანა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი, დავით ხიდაშელი 4 წელი მუშაობდა უწყებაში და მასთან დაკავშირებით არცერთი კითხვა არ დასმულა.
„ვინ იყო კრემლთან დაახლოებული? რატომ არის ეს თემა ასე აქტუალური? დავით ხიდაშელს ჩვენ ჩამოვატანინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა. ჩამოვატანინეთ ეს რუკები, მან ძალიან დიდი საქმე გასწია, მადლობა გადავუხადეთ, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მასალა ჩამოგვიტანა ჩვენ, სახელმწიფოს. თუ არ ვცდები, 4 წელი იგი სიმბოლურად იყო მრჩევლის თანამდებობაზე. ზოგადად, რომ იცოდეთ, ძალიან კარგად ერკვევა საზღვრის საკითხებში, დემილიტარიზაციის საკითხებში, რა ინფორმაციაზე მელაპარაკებით, თქვენ საერთოდ წარმოდგენა არ გაქვთ არაფერზე და ხალხს ატყუებთ, ეს არის აბსურდი, არაფრის მომცემი. გაასაჯაროებენ. 4 წელი ისე მუშაობდა, რომ საერთოდ კითხვა არ დასმულა, ახლა არ ვიცი საერთოდ რატომ აწიეთ ეს თემა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 2024 წლის 15 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად. ინფორმაცია დაადასტურა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა.
„ვმუშაობდით დავით გარეჯის საქმეზე და ჩართული იყო დავითიც ამ საკითხზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რაღაცაში დაგვჭირდებოდა, ვკითხავდით… არა მგონია, დღეს, ალბათ, არ იქნება გაფორმებული”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.