ჩვენ გვაინტერესებს ფინანსების გამჭვირვალობა, არ გნებავთ ბატონო კანონი და დაარქვით ამერიკულს რუსული, რაღაც ნაწილმა საზოგადოებისა დაგიჯერათ კიდეც, თავად თქვენ გამოდით და დადეთ – რაში იხარჯება ეს ფული?, – ამ კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიმართა.
მისივე შეფასებით, „უამრავი სფეროა ქვეყანაში, რომელსაც „ენჯეო“ სფერო აფინანსებს და ეს კარგ საქმეს ხმარდება, მაგრამ უფრო დიდი ნაწილი არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე“.
„ალბათ, შარშანდელი ამბავი გახსოვთ, რომ ჩვენ უარი ვთქვით აგენტების შესახებ ამერიკული კანონის მიღებაზე, ბევრი რამ გავითვალისწინეთ და გავითვალისწინეთ ისიც, რომ ჩვენმა ოპონენტებმა საზოგადოების ნაწილის მოტყუება შეძლეს. შესაბამისად, ჩვენ ამ თემას არ ვუბრუნდებით, მაგრამ ჩვენ დაპირება ჩვენი ოპონენტებისგან და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლებისგან გვქონდა, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნებოდა, ხომ ლაპარაკობენ, რომ გამჭვირვალეა ისედაც, რომელიმე თქვენგანმა ვინც აქ ბრძანდებით, რაიმე გამჭვირვალობის ნატამალი „ენჯეოს“ დაფინანსებასთან დაკავშირებით იცით? რაიმე მონაცემი ამ წუთში შეგიძლიათ? კვირაზე მეტია ამ შეკითხვას ვსვამ. ვინმემ რამე იცით? ნებისმიერი ტელევიზიის ჟურნალისტს გეკითხებით, ნებისმიერი მიმართულებით დაინტერესებულს – რამე იცით? მხოლოდ პოზიტიური ნაწილი ვიცით, ის რაც კარგ საქმეს ხმარდება, მშვენივრად პიარდება ნამდვილად, ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. მაგალითად: როდესაც ისინი ტრენინგს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ატარებენ, ფერმერებს ეხმარებიან. დიდი მადლობა ჩვენ პარტნიორებს ამისათვის, რომ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული დაფინანსებები მიდის, უამრავი სფეროა ქვეყანაში, რომელსაც „ენჯეო“ სფერო აფინანსებს და ეს კარგ საქმეს ხმარდება, მაგრამ უფრო დიდი ნაწილი არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და საქართველოს მოქალაქეს წარმოდგენა არ აქვს, თავისი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ფინანსები და გადამხდელის მიერ გადახდილი ფული საქართველოში რაში იხარჯება. ჩვენ გვაინტერესებს ამ ფინანსების გამჭვირვალობა, არ გნებავთ ბატონო კანონი და დაარქვით ამერიკულს რუსული, რაღაც ნაწილმა საზოგადოებისა დაგიჯერათ კიდევაც, თავად თქვენ გამოდით და დადეთ – რაში იხარჯება ეს ფული?
„ენჯეო“ სექტორს მივმართავ, განსაკუთრებით მდიდარ „ენჯეოებს“, რომლებიც განსაკუთრებული რადიკალიზმით, ხანდახან „ნაცებზე“ მეტი რადიკალიზმითაც გამოირჩევიან ხოლმე. ამ ყველაფერში, რასაც აკეთებთ ფული იხარჯება, თუ თქვენ ენთუზიაზმით აკეთებთ ამას? ის, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული კანონის წინააღმდეგ უნდა გაილაშქროთ, რაც ეს კანონი გასაჯაროვდება. ტრენინგები, რომ ჩატარდა მერე თვითონ ტრენინგის ჩამტარებლები, რომ ამბობდნენ, რომ რუსულ დეზინფორმაციაზე ვატარებდით ტრენინგსო და დამფინანსებელმა, რომ თქვა უფლებებზე იყოო. სინამდვილეში, ჩვენ კი მესამე და სწორი ვერსია ვიცით, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონთან დაკავშირებით იყო. წინასწარ რაღაცებს, რომ გეგმავდნენ. სიმართლე სად არის? – გასაჯაროვდეს, დაიდოს. და ჩვენ გვეცოდინება ყველაფერი და საზოგადოებას ეცოდინება, რაში სჭირდებათ დამალვა. პარლამენტის წევრებმა 2 და 3 ლარი შეცდომა, რომ დაუშვას დეკლარაციაში, 1 000-1 000 ლარით დააჯარიმეს სულ ყველა, ისევე ჩვენმა შექმნილმა უწყებებმა, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი სად იხარჯება არ უნდა ვიცოდეთ?“, – განაცხადა მდინარაძემ.