50-ლარიანი ბილეთი 400 ლარად – გადამყიდველები „შავ ბაზარზე” ფეხბურთის ბილეთებს 10-ჯერ ძვირად ყიდიან

საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 18:00-ზე დასრულდა. tkt.ge-ის ინფორმაციით, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი რეკორდულ დროში – 6 საათზე ნაკლებ პერიოდში გაიყიდა. ბილეთის შესაძენად რიგში 337,600 ადამიანი იდგა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტებით თუ ვიმსჯელებთ, ბილეთების აღების ბევრმა მსურველმა, საათობით რიგში დგომის მიუხედავად, ბილეთის აღება ვერ შეძლო. ამის პარალელურად, Facebook-ის ღია ჯგუფებში, ე.წ. გადამყიდველებმა ბილეთების გაყიდვა დაიწყეს და ბილეთებს თითქმის 10-ჯერ ძვირად ყიდიან.
მატჩზე დასასწრები ბილეთების ოფიციალური ფასი 10, 20, 30 და 50 ლარია. ერთ-ერთ ღია ჯგუფში, რომელსაც „ბილეთების შავი ბაზარი” ჰქვია, ერთ-ერთ გადამყიდველი 50 ლარიან ბილეთს 400 ლარად ყიდის, 2 ბილეთის შეძენის შემთხვევაში 700 ლარს ითხოვს, 3 ბილეთის შემთხვევაში – 800 ლარს; 30-ლარიანი ბილეთებს 240 ლარად ყიდის, 10-ლარიანს – 100 ლარად.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ფინალში, საქართველოსა და საბერძნეთს შორის თამაში დინამო არენაზე 26 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება.