ყველაფერზე მაღლა დგას კონსტიტუციური სამართალი, სამართლის უზენაესობა, ყველაფერზე მაღლა დგას სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ ამ პრინციპების ხელყოფას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ე.წ. ვეტინგის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, 2004-2013 წლებში ხელისუფლებამ სასამართლო სწორედ ე.წ. ვეტინგის საშუალებით დაიმორჩილა და ახლა სურთ, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენა ოპოზიციამ მოიპოვოს და ამიტომ ლობირებენ ამ საკითხს.
„ჩვენ არაერთხელ ვთქვით და შემიძლია გავიმეორო, რომ ეს თემა არის აბსოლუტურად დახურული. ე.წ ვეტინგი ეწინააღმდეგება არა მარტო მოქმედ კონსტიტუციას, არამედ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი ჩვენთვის ე.წ. ვეტინგი. ყველაფერზე მაღლა დგას, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური სამართალი, სამართლის უზენაესობა. ყველაფერზე მაღლა დგას სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ ამ პრინციპების ხელყოფას.
ჩვენ ღია ვართ კონსულტაციებისთვის, ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები, იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. ვეტინგი ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის, რომ ე.წ. ვეტინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ. მაგრამ დღემდე ვერავინ ვერ წარმოადგინა და ვერც წარმოადგენს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. ვეტინგი არ ხელყოფს სამართლის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. შესაბამისად, დაველოდებით არგუმენტებს.
არ შეიძლება არგუმენტების გარეშე მოგთხოვონ სახელმწიფო სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა სასამართლო სისტემაში 2004-2012წლებში – ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც დაიმორჩილა მაშინ ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა იყო სწორედ ე.წ. ვეტინგი, ახლა უნდათ, რომ ოპოზიციამ დაიმორჩილოს ე.წ. ვეტინგით სასამართლო ხელისუფლება, ეს არის ოპოზიციის განზრახვა და მიზანი და ამიტომ ლობირებენ საზღვარგარეთ საკუთარ ინტერესებს. ჩვენ გვაქვს საპირისპირო ამოცანა. ჩვენი ამოცანაა, რომ ქართული სასამართლო სისტემა იდგეს ადამიანის უფლებების, მათი უფლების დაცვის სადარაჯოზე და არა ის, რომ ვიღაცამ ხელყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა“,- განაცხადა პრემიერმა.