93-მდე გაიზარდა „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 93-მდე გაიზარდა კრასნოგორსკში, „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვი.
უწყების ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება თავდასხმის ტერიტორიაზე საგამოძიებო და გაწმენდითი სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გაშიფვრის პროცესი.
მათივე განცხადებით, სავარაუდოდ, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.
ს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისათვის, კლინიკებში გადის მკურნალობას 107 დაშავებული. მათგან 16-ის მდგომარეობა კრიტიკულია. მათ შორის, ერთი ბავშვია.
ექიმები მძიმედ აფასებენ კიდევ 44 პაციენტის მდგომარეობას, რომელთა შორისაც ორი ბავშვია.
საგამოძიებო კომიტეტი ადასტურებს, რომ წინასწარი მონაცემებით, თავდამსხმელებმა შენობის დასაწვავად გამოიყენეს ადვილად აალებადი სითხე. “კროკუს სიტი ჰოლში“ აღმოჩენილია ავტომატები და სხვა საბრძოლო იარაღი, რომლებიც თავდამსხმელებმა დატოვეს.
უწყების ცნობით, მსხვერპლთა უმეტესობა სროლის შედეგადაა დაღუპული.
22 მარტს, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, კრასნოგორსკში, თავდასხმა მოაწყვეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ადამიანებმა, რომლებიც სროლით შეიჭრნენ საკონცერტო დარბაზში და ცეცხლი გაუხსნეს კონცერტის დაწყების მოლოდინში, შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტს ათასობით ადამიანი უნდა დასწრებოდა.
„როიტერსის“ ცნობით, ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა თავდასხმაზე.

ასევე დაგაინტერესებთ