ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე jandacva.ge-სთან საუბარში განმარტავს, რა ახალი რეგულაციების ამოქმედება იგეგმება ფარმაცევტულ ბაზარზე და რას ითვალისწინებს ცვლილება, რომლის ძალაში შესვლაც გადავადდა.
შეგახსენებთ: დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ფარმაცევტული სექტორისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ის ცვლილებები განიხილეს, რომლებიც ქვეყანაში, მედიკამენტებისა და მათი დამზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების იმპორტირებისას, შესაბამისი მარეგულირებლის მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებას აწესებს.
ცვლილების ამოქმედება 1 აპრილიდან იგეგმებოდა, თუმცა შეხვედრაზე, სექტორის წარმომადგენლებმა, ვადის გახანგრძლივების ინიციატივა დააყენეს. მხარეები, 6-თვიან გარდამავალ პერიოდზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით გაგრძელდება.
ლევან გოგიბერიძე განმარტავს, რომ ცვლილება, რომელიც გადავადდა, მედიკამენტების სუბსტანციების იმპორტს ეხება. კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს იმას, რომ მედიკამენტების დასამზადებლად საჭირო იმპორტირებული ნედლეული ევროპის ან საქართველოს მიერ აღიარებული ნებისმიერი მარეგულირებლის GMP სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. ლევან გოგიბერიძის თქმით, მსგავსი რეგულაცია ევროპაშიც კი არ მოქმედებს, რადგან მედიკამენტის ხარისხს GMP სტანდარტი, წარმოების პროცესში, უზრუნველყოფს და ცალკე იმპორტირებული სუბსტანციებისთვის ასეთი სერტიფიკატის მოთხოვნა პრეპარატების ხარისხის კუთხით არაფრის მომცემი იქნებოდა. ამიტომ, მისი შეფასებით, გადავადება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იყო.
მისივე განმარტებით, ამჟამად აღნიშნული პროდუქციის იმპორტისას, ისევე როგორც ევროპაში, შესაბამისობის დოკუმენტაცია მოითხოვება, რაც სავსებით საკმარისია. კითხვაზე, თუკი მსგავსი რეგულაცია ევროპაშიც არ არის, რატომ დადგა მისი ამოქმედება საჭირო საქართველოში, გოგიბერიძე ამბობს, რომ მას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. მისი ინფორმაციით, დადგენილება 29 თებერვალს, ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თანამდებობიდან წასვლამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა.
რაც შეეხება მედიკამენტების ნაწილს, ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ეს კიდევ ერთი დადგენილებით გათვალისწინებული ცვლილებაა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ახალი ან ხელახალი რეგისტრაციისას შეიზღუდება ისეთი პრეპარატების იმპორტი, რომლებსაც არ ახლავს ევროპული GMP ან მათი საწარმო არ არის შემოწმებული საქართველოს მარეგულირებლის მიერ, ადგილზე. გოგიბერიძე ამბობს, რომ აღნიშნული რეგულაციის გადავადების მომხრე არაა და გადავადება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არც დამდგარა. ამასთან, აღნიშნავს იმასაც, რომ მედიკამენტის რეგისტრაციას 5-წლიანი ვადა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგულაციამდე მცირე ხნით ადრე დარეგისტირებული პრეპარატები, რომლებიც ახალ სტანდარტს არ შეესაბამება, ბაზარზე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.
ლევან გოგიბერიძის განმარტებით, მედიკამენტების ნაწილში რეგულაციებზე მსჯელობა სამინისტროსთან გაგრძელდება.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში, ისევე როგორც ევროპაში, სუბსტანციების 80% ჩინეთიდან შემოდის.
წყარო: jandacva.ge